ახალი ამბები

შოთაძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე: ყველაფერი დაგეგმილი იყო პროფესიონალურ დონეზე

21 იანვარი, 2015 • • 1556
შოთაძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე: ყველაფერი დაგეგმილი იყო პროფესიონალურ დონეზე

” პირველი შეხედვით რაც ჩანს, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო პროფესიონალურ დონეზე. როდესაც საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობით ადამიანის მკვლელობაზე, რა თქმა უნდა, ამას რიგითი ადამიანი და ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეასრულებდა. მე ერთადერთი ის შემიძლია განვაცხადო, რომ პროკურატურისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის, ვინც მსგავსი ქმედება ჩაიდინა, ყოფილი თანამდებობის პირია, მოქმედი თანამდებობის პირია. ნებისმიერი პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედება დადგინდება აღნიშნულ ფაქტზე, დაისჯება კანონით უმკაცრესად, ამის გარანტიას ვაძლევ საზოგადოებას”,- განაცხადა შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერით საუბრისას.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი