ახალი ამბები

ინტერესთა კონფლიქტი და პრობლემები – კოალიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე

17 ივლისი, 2019 • 1688
ინტერესთა კონფლიქტი და პრობლემები – კოალიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ეხმაურება. მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება დღეს, 16 ივლისს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც, მათი თქმით, აღნიშნულ პროცესში იკვეთება და მოუწოდებენ მხარეებს, პროცესის გაჯანსაღების მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ზურაბ აზნაურაშვილის ყოფნა, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს(მაზლი) იუსტიციის საბჭოს წევრ თამარ ონიანთან, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის. ამავე მოცემულობაზე საუბრობენ ისინი მოსამართლეობის კანდიდატ ლევან თევზაძესთან დაკავშირებითაც, რომელიც საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა.  კოალიციის განცხადებით, მათ წინასწარ არ განუცხადებიათ ამის შესახებ, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

“…კანონი საბჭოს წევრებს ავალდებულებს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადონ ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღონ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში”, – ამბობენ არასამთავრობოები და ხაზს უსვამენ, რომ პირველი გადარჩევის შედეგად სიაში ორივე მათგანი მოხვდა. 

კოალიციის თქმით, პრობლემას ქმნის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავას ფაქტორიც, რომელიც ასევე მონაწილეობს მოსამართლეთა შერჩევაში. ორგანიზაციები ამბობენ, რომ სანამ აირჩევდნენ, ხარებავას კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც კანონდარღვევასა და მისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინაპირობას წარმოადგენს:

“კოალიციამ ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2019 წლის 14 მაისს მიმართა, თუმცა, საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტს  ამ საკითხზე არ უმსჯელია”.

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მიიქცია, გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც კვლავ რჩება იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე. კოალიციის განცხადებით, საბჭოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიქაუტაძეს რჩება ბერკეტი, გავლენა მოახდინოს შერჩევის პროცედურაზე.

ზემოაღნიშნულის გარდა, კოალიცია პრობლემურად მიიჩნევს მოსამართლეობის კანდიდატთა შემდეგ ეტაპზე გადაყვანისას კენჭისყრაზე საბჭოს წევრთა არჩევანის კუთხით “დამთხვევის ძალიან მაღალ ხარისხს” და აცხადებს, რომ ეს წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა.

პრობლემების ჩამონათვალში არასამთავრობოები მოიხსენიებენ დაბრკოლებასაც, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობას”  შეექმნა მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული განცხადებების გამოთხოვისას. კოალიციის თქმით, საბჭომ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, როცა კანონი საპირისპიროს ადგენდა.  მათი განცხადებით, საბჭომ გადაწყვეტილება მხოლოდ სახალხო დამცველისა და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოზიციების მოსმენის შემდეგ შეცვალა.

კოალიციის განცხადებით, პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია, ის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს. შესაბამისად, კოალიცია მოუწოდებს:

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე, ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე; 
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში;
  • საქართველოს პარლამენტს: დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრ ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი