“საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ფაქტის სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება; ასევე უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება,”– ნათქვამია საიას განცხადებაში.
როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, იური ვაზაგაშვილის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლამდე სახელმწიფოს არ ჩაუტარებია საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, 2007 წლის აპრილში პროკურატურამ აღნიშნული საქმე საერთოდ შეწყვიტა; რაც შეეეხება 2012 წელს იური ვაზაგაშვილის მოთხოვნის საფუძველზე ამ საქმეზე განახლებულ გამოძიებას, ის ამ დრომდე არ არის დასრულებული და დღემდე არ დამდგარა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
“საია მიიჩნევს, რომ გაჭიანურებული სამართალი, წართმეული სამართალია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს და 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი ფაქტების სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება, ასევე უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის დღემდე ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოუძიებელ ფაქტებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების სწრაფი და ობიექტური განხორციელება,”– ნათქვამია საიას განცხადებაში.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო. მისი შვილი, ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად მოკლეს.