როგორც “ნეტგაზეთს” ირმა ჭკადუამ განუცხადა, იური ვაზაგაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას სხვა პირებიც ესწრებოდნენ:
“იური ვაზაგაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას სხვა პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ ვაზაგაშვილის ადვოკატები. მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ასევე ვიცი საუბრის თემა და დეტალები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ” -აცხადებს ირმა ჭკადუა.
“მე ვადასტურებ, რომ ოთხი დღის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს” -ეს განცხადება სოსო რობაქიძემ დღეს საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუსთან” განახადა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.