ახალი ამბებიხელოვნება

საია: წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი იყო

16 ივლისი, 2019 • 2863
საია: წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო.

საიაში აცხადებენ, რომ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნის გამო საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციის და არაერთი სსიპ-ის მიმართვის გამო მიმდინარე წლივ ივნისში წერილობით მიმართეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვეს, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ მცირე კონტიგენტიან დაწესებულებებს წარმოადგენდა და მათი ცალკე, სსიპ არსებობა აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, თუმცა უცნობია, რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სსიპ-ის შერჩევა, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს სისტემაში კულტურის სფეროში არსებული 70 სსიპ შედიოდა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საია-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში, ევროკავშირის ექსპერტის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეთავაზებული რეკომენდაციებია მითითებული.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ: მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები, ოპტიმიზაციის გარდა, ე.წ. ქოლგა-ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა:

“ამასთან, ოპტიმიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება”, – ამბობენ საიაში.

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნიშნავენ, რომ ოპტიმიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოდგენდა ის, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თანამედროვე მართვის მექანიზმების დანერგვასა და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. თუმცა განცხადებაში საია აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის ნაწილის საქმიანობის სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, აღნიშნული შეფასება რაიმე სახის კვლევას არ ეფუძნებოდა:

“მაგ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, დაფუძნებიდან 2014 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კერძოდ, ქართული ლიტერატურის 300-ზე მეტი თარგმანი გამოიცა; 30 უცხო ენაზე 250-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და ცენტრმა 100-ზე მეტ უცხოურ გამომცემლობასთან ითანამშრომლა. ცენტრის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, სსიპ ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია და გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნა მიღებული.

ორგანიზაცია საკუთარ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ არ ჩატარებულა წინასწარი შეხვედრები და შესაძლო რისკების გააზრება; გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთი პროექტის განხორციელება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მწერალთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა მედიასთან არაერთხელ დაადასტურა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საიას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა, დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ლანა ღოღობერიძე: რატომ გააუქმეს წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი?!

მასალების გადაბეჭდვის წესი