ახალი ამბები

ჩაწყობილი თამაშებისთვის დაკავებული ფეხბურთელებიდან პატიმრობიდან კიდევ ერთი გაათავისუფლეს

16 ივლისი, 2019 • 758
ჩაწყობილი თამაშებისთვის დაკავებული ფეხბურთელებიდან პატიმრობიდან კიდევ ერთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე. ჩაფიძე 10 ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაისში დაკაავა, თუმცა დაკავებული 11 პირიდან 7 გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

პატიმრობაში ამ დრომდე რჩებოდნენ ყოფილი ფეხბურთელები: ლაშა ჩაფიძე,  ვახტანგ ჯაყელი, ნიკა დაუშვილი და ასევე მოქმედი ფეხბურთელი ირაკლი ხუჭუა.

როგორც 16 ივლისს გამართული პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა თქვა, ჩაფიძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ბრალიც აღიარა, გარდა ამისა, ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი წარსულში ნასამართლევები არიან და თან, არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი