როგორც “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო და პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:
“ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა.
დღეს, 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.