ახალი ამბები

გარეჯის ინციდენტზე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია

15 ივლისი, 2019 • 2168
გარეჯის ინციდენტზე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დაიბარეს – მედია

დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ახსნა-განმარტებებისთვის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთ სამინისტროში დაიბარეს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ელჩი დაბარებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს.

“დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი მოქმედებები სრულად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და განვიხილავთ მას, როგორც პროვოკაციას, რომელის მიზანია ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციის გამოწვევა.  აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე მხარისგან მოითხოვა, გამოიძიოს ეს ინციდენტი და გაწეული სამუშაოსა და შესაბამისი ქმედებების შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენოს”, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

უდაბნოს მცხოვრებლებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის გუშინ მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა ილარიონმა განუცხადა.

“მესაზღვრეებთან მოუვიდათ დაპირისპირება იმის გამო, რომ ისინი არ იცავენ ჰიგიენას [კელიებში]. ასევე,  ხატები შეაგროვეს და ზევით, ტაძართან ამოუტანიათ. ადგილობრივებმა ხატები ისევ უდაბნოს მონასტერში დააბრუნეს”, – განაცხადა დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა.

საქართველოს შსს აცხადებს, რომ ფაქტის შესწავლა დაწყებულია.

“საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა. ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ამავე თემაზე:

შსს-მ დავითგარეჯაში მომხდარ ინციდენტზე შესწავლა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი