საზღვარზე დააკავეს პირი, რომელსაც ბირთვული მასალა საქართველოში შემოჰქონდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რადიაციული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს სომხეთის მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს რადიაციული ნივთიერება სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთში გადაჰქონდა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სადახლოს საბაჟოს სპეციალურ მოწყობილობაზე განგაშის ღილაკი ჩაირთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სატვირთო მიკროავტობუსით 4 ყუთად დაფასოებული, 71 კგ-მდე რადიაციული ნივთიერება გადაჰქონდა, რომელიც შეიცავს იზოტოპ თორიუმ 232-ს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ნივთიერება ბირთვული მასალების კატეგორიას განეკუთვნება და უკიდურესად საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. როგორც უწყება აცხადებს, ყუთების ზედაპირზე რადიაციული გამოსხივება იყო 18 მიკროზივერტი წამში, ხოლო დასხივების უსაფრთხო, დასაშვები ნორმაა 0.5 მიკროზივერტი წამში.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა სასამართლომ. მას ბრალი ედება სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.