ქალთა მოძრაობა „ოცნებას“ მოუწოდებს პარტიიდან გარიცხოს ლევან ონიანი

ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ინგა გრიგოლიას და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს თავისი რიგებიდან გარიცხოს ლევან ონიანი. მოძრაობა ასევე მოუწოდებს  რუსთავის საკრებულოს, რომ სექსისტური განცხადებების გამო, გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან. 

საუბარია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანზე, რომელმაც  შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინტერვიუს შემდეგ ფეისბუქზე დაწერა: “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“.

14 ივლისს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მოუბოდიშა ინგა გრიგოლიას, მის მიერ ჟურნალისტის მიმართ გაკეთებულ უხამს და სექსისტურ კომენტარზე, მაგრამ ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ  ბოდიში ადამიანის პერსონალური მორალური პასუხისმგებლობაა და არა პოლიტიკური.

“ ამიტომ, ლევან ონიანის ბოდიში ვერ ჩაითველაბ რაიმე სახის პოლიტიკურ პასუხისმგებლობად! “- აცხადებს მოძრაობა. 

“ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ სექსისტრური, ძალადობრივი და დისკრიმიმინაციული დამოკიდებულებები არაერთხელ გამოუვლენიათ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მაგრამ პარტიის მხრიდან ამას სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია და თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც მსგავს დამოკიდებულებებს ავლენენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის – თამაზ ფაცაციას მხრიდან, არაერთი სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ვრცელდებოდა ფეისბუქზე, სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების – თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით. „ქალთა მოძრაობამ“ მაშინაც მოუწოდებდამმართველ პარტიას, რომ სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გაერიცხათ  თამაზ ფაცაცია. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტებს რეაგირება არჩევნების შემდეგ მოჰყვებოდა, მაგრამ თამაზ ფაცაცია დღემდე რჩება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და პარტია „ქართული ოცნების“ წევრად.

საქართველოში, დაახლოებით, 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია, ხოლო 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია საჯარო პირების მხრიდან, სექსუალური ძალადობის წამახალისებელი განცხადებები და მათი რეაგირების გარეშე დატოვება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში, სადაც გაცხადებულია გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და დემოკრატიული განვითარების კურსი, ლევან ონიანის მსგავსი შეხედულებების მქონე ადამიანები, არ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს”, – აცხადებს ქალთა მოძრაობა და მოუწოდებს რუსთავის საკრებულოს, რომ სექსისტური განცხადებების გამო, გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან, ხოლო მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ლევან ონიანი. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ბოდიში ინგა გრიგოლიას, ცოლს და პარტიას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი