20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის განვითარებულ მოვლენებზე “ნეტგაზეთი” “რონდელის ფონდის” უფროს მეცნიერ-თანამშრომელს და საქართველოს ყოფილი ელჩს რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა.
– გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, რუსეთმა საქართველოში ფრენები შეაჩერა. ამავდროულად, პუტინმა “ქართველი ხალხის პატივისცემის” მოტივით არ გაიზიარა დუმის რეკომენდაცია საქართველოდან ღვინის და მინერალური წყლის იმპორტზე ემბარგოს დაწესებისა და ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ. კრემლის რა ტაქტიკასთან გვაქვს საქმე, როდესაც იგი, ერთი მხრივ, აყენებს საქართველოს სანქციების საფრთხის წინაშე (და ნაწილობრივ უწესებს კიდეც), მეორე მხრივ, თითქოს “ლმობიერებას” იჩენს?
– ქართველის ხალხის მიმართ პატივისცემა არაფერ შუაშია. უნდა ვიცოდეთ, რომ პუტინი მოქმედებს საკუთარი და არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ რა გამოდის – ღვინის და წყლის წარმოების სფეროში აქვს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და ტურიზმის და ფრენების სფეროში არ აქვს? პუტინის მთავარი ამოცანაა, მოიპოვოს ზემოქმედების ბერკეტები საქართველოზე, მათ შორის, ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პუტინმა ახლა თავი შეიკავა სანქციების დაწესებისგან, არის შემდეგი – მან ძალიან კარგად გათვალა, დღეს რომ მიიღოს უკიდურესად მკაცრი ზომები საქართველოს მიმართ, ანუ მთლიანად შეწყვიტოს ღვინის და მინერალური წყლის იმპორტი და შეზღუდოს ან საერთოდ გააუქმოს საფოსტო გზავნილები, ეს საკმაოდ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ფატალური შედეგები არ ექნება. ჩვენ ამას გადავიტანთ და უფრო გავძლირდებით. ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამჟამად თავი შეიკავოს სანქციებისგან. როგორც კი მათ ეს დასჭირდებათ, არავითარი სენტენციები და “ქართველი ხალხის პატივისცემა”, როგორც თვითონ ამბობს, არ შეაჩერებს.
ვლადიმერ პუტინმა გაცილებით დიდი უპატივცემულობა გამოამჟღავნა ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც წარმოადგინა თავისი ისტორიული ოპუსები, რომლებიც აბსოლუტურად ყალბ პრიორიტეტებს ეფუძნება. როგორ მოახერხა ამ ადამიანმა 15 წუთის განმავლობაში ამდენი ტყუილის თქმა, უბრალოდ, გასაკვირია. ამიტომ, როდესაც კი დასჭირდება სანქციების ამოქმედება საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, არაფერი შეუშლის ამაში ხელს – არც ხელშეკრულება, არც საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცის წევრობა, არც საერთშორისო სამოქალაქო ავიაციაში წევრობა.
– ამჯერად რაში დასჭირდა ვლადიმერ პუტინს ისტორიის საკუთარი ვერსიის შემოთავაზება და უნდა ჩაჰყვეს თუ არა საქართველოს ხელისუფლება საკითხის ისტორიის რაკურსით განხილვაში მოსკოვს?
– საერთაშორისო საზოგადოება უკვე ძალიან შეეჩვია პუტინის ტყუილებს. მან პირველად არ მოიტყუა საჯაროდ. ჩვენ გვახსოვს მისი ტყუილები საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში, 2 საათის განმავლობაში 2 000 მშვიდობიანი მოსახლის განადგურების შესახებ და ა.შ. ყირიმის და ზოგადად, უკრაინასთან დაკავშირებით ათასნაირ ტყუილს ლაპარაკობენ ყოველდღე. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სახიფათო მოვლენასთან – პუტინი ცდილობს, საკუთარი ქმედებები დაასაბუთოს მისი გაგებით ისტორიული სამართლიანობით. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ისტორიას კარგად არ იცნობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯეროვანი პასუხები, თან სახელმწიფოს პირველი პირების მხრიდან – პრეზიდენტისგან და პრემიერ-მინისტრისგან. ამ თვალსაზრისით ჩვენს რეაქციას, სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებლად ვერ ჩავთვლი. ვფიქრობ, კარგად მოსაფიქრებელი და განსახორციელებელია მთელი რიგი ღონისძიებები, როგორ უნდა ვამცნოთ ფართო საზოგადოებას დასავლეთში და არამხოლოდ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს სიმართლე ჩვენი ისტორიის თაობაზე. უნდა მომზადდეს კარგად ჩამოყალიბებული მასალები, მათ შორის, ვიდეორგოლები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ყველგან, აიტვირთოს Youtube-ზე და ფუნდამენტურად გავაბათილოთ ის ტყუილების კასკადი, რომელიც პუტინმა წარმოთქვა.
– თქვენ თქვით, რომ დამაკმაყოფილებლად ვერ ჩათვლით საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის გენოციდში დადანაშაულების გამო, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლების ყველა რგოლს მყისიერი რეაგირება ჰქონდა კერძო ტელევიზიის ჟურნალისტის მიერ პუტინის გინებაზე, აპელირებდა პროვოკაციაზე და დესტაბილიზაციის მცდლობაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, გიორგი გაბუნიას განცხადება შეაფასონ…
– ეს მიუთთებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს მთავრობას არ აქვთ კარგად გათვიცნობიერებული, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რეალურად რა ამოძრავებს პუტინს და რა არის მისი პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები. გიორგი გაბუნიას მიერ გახმიანებული ტექსტი, ტონალობა, არ შეეფარება ჟურნალისტურ სტანდარტებს და ამაზე მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ფრენების და ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვა იყო სერიოზული დარტყმა. წლის მეორე ნახევარში ალბათ უფრო ჯეროვნად შევაფასებთ შედეგებს. ექსპერტები საუბრობენ 300 მლნ აშშ დოლარ დანაკარგზე, რაც, მე ვფიქრობ, საკმაოდ რეალისტური ციფრია. და სულ არ დასჭირებია ვინმეს გაბუნიას გამონათქვამები, რომ ეს სანქციები დაეწესებინა. პუტინი ხშირად ძალიან მცდარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ მას არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ როგორც KGB-ის გამოცდილი თანამშრომელი, არის ბრწყინვალე ტაქტიკოსი. მაგალითად, ყირიმის ანექსიის ტაქტიკური გეგმა პრაქტიკულად უნაკლოდ არის ჩატარებული. პუტინი ხელმძღვანელობს საკუთარი ინტერესებით და საბაბად არავითარი ჟურნალისტის გამონათქვამი მას არ სჭირდება. როდესაც ჩათვლის საჭიროდ, იმ წუთშივე გამოიყენებს მის ხელთ არსებული ბერკეტების მთელ პალიტრას, მაგრამ არაფერ შუაში არ იქნება აქ არც ცალკე აღებული ჟურნალისტის გამონათქვამი, არც მისი “გრძნობები” ქართველი ან რომელიმე სხვას ხალხის მიმართ და სხვა.
– “ქართული ოცნების” ხელისუფლება უკვე მეშვიდე წელია სტაბილურად ატარებს რუსეთთან ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. თუმცა ჯერ გავრილოვის ვიზიტის და შემდეგ გაბუნიას მიმართვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულწილად აღმოჩნდა ინდიკატორი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. როგორ ფიქრობთ, რა გამოაჩინა ამ კრიზისმა?
– გამოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კრემლს რატომღაც შეექმნა ილუზია, რომ ჩვენ შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე შევარბილოთ საკუთარი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და გავიზაიროთ ან რაღაც ნაბიჯები გადავდგათ საიმისოდ, რომ გაზიარებულ იქნას მათი კონცეფცია ე.წ. ახალი რეალობის შექმნის თაობაზე, რასაც სულ თავს გვახვევენ. თუ გახსოვთ, საქართველოში ჩამოსვლამდე გავრილოვმა მოსკოვში საკმაოდ მკაცრი გზავნილები გაახმიანა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ მართლმადიდებელი, მოძმე ერები ვართ, მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს ახალი რეალობა – აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება ძმური და კარგი ურთიერთობებიო. ეს გაახმიანა ძალიან ნათლად. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის არ იყო საქართველოში შემოსაშვები. ამის შემდეგ მისი შემოშვება გამოჩნდა როგორც გარკვეული გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ შესაძლებელია ჩვენ ამას რაღაც ეტაპზე შევეგუოთ. ზუსტად ამიტომაც, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა რუსებისთვის ის რეაქცია, რაც ქართულმა საზოგადოებამ მისცა გავრილოვის ქმედებებს, ის ფორმა, რომლითაც ის გააძევეს საქართველოდან. ზუსტად ამ ილუზიების მსხვრევა ვერ აიტანა პუტინმა და უმალვე დააწესა შეზღუდვები, რითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ტურიზმის ბიზნესს.
ახლა მთავრობამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები – რატომ შეექმნა ეს ილუზიები რუსეთის ხელმძღვანელობას? – იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ შევარჩიეთ მცდარი ტონალობა და მოლაპარაკების ტაქტიკა რუსეთთან? მთელი ჩემი 25-წლიანი მოლაპარაკების გამოცდილება რუსეთთან იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია დღეს რუსეთთან ორმხრივ ფორმატში დადებითი შედეგის მიღწევა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი პრობლემა რუსეთთან არ არის ცალკე აღებული, არამედ არის რუსეთის მთელ ცივილიზებულ სამყაროსთნ პრობლემის განუყოფელი ნაწილი. ამიტომაც, ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შეგვიძლია, დავარეგულიროთ ურთიერთობები რუსეთთან.
– ახლა, როცა ხელახლა ნათლად გამოჩნდა, რაოდენ მყიფეა რუსეთთან ნორმალიზებული ურთიერთობები და არამდგრადი რუსული ბაზარი, რა სტრატეგია ან ახალი მიდგომები უნდა შეიმუშაოს საქართველოს ხელუსუფლებამ?
– სტარტეგია უნდა იყოს შემდეგი – ჩვენს მხარეს არის სიმართლე და საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ჩვენ უნდა გავხდეთ სრულფასოვანი მონაწილე ანტირუსული კოალიციის. უნდა გავატაროთ თანმიმდევრული, პრინციპული პოლიტიკა და ყოველგვარი ილუზიები მოვუხსნათ რუსეთს. ნახეთ, რა პარადოქსული სიტუაციაა – მთელი მსოფლიო უწესებს სანქციებს რუსეთს, ხოლო რუსეთი გვიწესებს ჩვენ და თან გვაშანტაჟებს. ჩვენ უნდა შემოვიღოთ სანქციები რუსეთის კომპანიების, მაგალითად, “ლუკოილის” წინააღმდეგ. უნდა გვქონდეს განსხვავებული, ჩამოყალიბებული გეგმები, რას მოვიმოქმედებთ რუსეთის თითოეული ნაბიჯის შემთხვევაში. რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აქტიური. შედეგად, უფრო მეტ პატივს დავიმსახურებთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან და რუსების მხრიდანაც, რომლებიც იძულებულნი გახდებიან, ანგარიში გაუწიონ ჩვენს პოლიტიკას. რაც მთავარია, უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ქვეყანაზე – მეტი რეფორმა, მეტი ეკონომიკური განვითარება, უკეთესი სოციალური სტანდარტები, მეტი ინტერესი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მეტი ინვესტიციები და, შესაბამისად, მეტი წარმატება. ეს გააფართოებს ჩვენი მანევრის საშუალებას და შეუზღუდავს მანევრის საშუალებას ჩვენს მოწინააღმდეგე რუსეთს.
“ქართული ოცნების” სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ 2012 წელს, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო მცდლეობა, რუსეთთან ახალი პოლიტიკა გვეწარმოებინა, მაგრამ 2-3 წელიწადში გამოჩნდა, რომ ეს შესაბამის შედეგს არ იძლეოდა, ვინაიდან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთნ ერთად, ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს – ოკუპირებული ტერიტორიები, გატაცებები და ა.შ. არამც თუ არ შერბილდა, არამედ უფრო გამკაცრდა. რუსეთმა დაგვანახა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მხოლოდ ბერკეტია მისთვის, რომ მიაღწიოს მთავარ პოლიტიკურ მიზნებს, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ შევეგუებით, რაოდენ ეკონომიკრი სარგებელიც არ მივიღოთ. ასე რომ, 2012 წელს ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა გამართლებული იყო, მაგრამ 2-3 წლის წინ უკვე უნდა დაგვეწყო ამ პოლიტიკის გადახედვა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.