სანამ კაკისთვის [აკაკი ზოიძე, უმრავლესობის დეპუტატი] ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა” ,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი. როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები, აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე”, – ასე იცავს თანაპარტიელს დეპუტატი ნინო წილოსანი.
თავად აკაკი ზოიძის განმარტებით, ეპითეტები: “მტრები და მეხუთე კოლონა”, რომელიც ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში გამოიყენა, რუსთაველზე “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებს არ ეხება.
- ნინო ჟიჟილაშვილმა მას კითხვა სალომე ზურაბიშვილის კომენტარის თაობაზე დაუსვა, რომლითაც პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, არ აჰყვეს ესკალაციას.
“როდესაც გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ პრეზიდენტი ძალიან კატეგორიული იყო და დღეს [პუტინის ბრალდებებზე ოკუპაციისა და გენოციდის შესახებ] საერთოდ განცხადება არ გააკეთა, ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა ჟიჟილაშვილმა ზოიძეს, რომელმაც თქვა:
“იცით, რა, არანაირი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. ეგ არის, რომ თავზე ხელს ვუსვამთ, ვითომ მოქალაქეები, რა მოქალაქეები? რისი გულისთვის აკეთებენ ამას ,ამიხსენით? გვაკარგინებენ უპირატესობას, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა ზოიძემ.
ნინო ჟიჟილაშვილმა დააკონკრეტა, რომ იმ ახალგაზრდებზე ლაპარაკობდა, რომლებიც ახლა პარლამენტის წინ დგანან:
“რომ დგანან, ვინ? ისევ ნაციონალური მოძრაობა? ნაწილი მათგან თუ ის… კი, იქ არიან ახალგარზდები, რომლებიც თვლიან, რომ გახარიას გადადგომა მთავარია”, – განაცხადა ზოიძემ.
მოგვიანებით კაკი ზოიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ მეხუთე კოლონა ენმ-ს უწოდა და არა აქციის მონაწილეებს, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ. თუმცა მას ჟიჟილაშვილმა დაუკონკრეტა, რომ მომიტინგეებზე ესაუბრებოდა და არა პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამ ნაწილს პარლამენტარი ასე განმარტავს:
“აქციის მონაწილეებზე მკითხა ჟიჟილაშვილმა და ვუთხარი, არიან ნაციონალები და არიან ახალგაზრდები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ გახარიას გადადგომა-მეთქი, ორი ნაწილია იქ. თუ რამე ჩაიკარგა, არ ვიცი და აქციის მონაწილეებზე ეგ არ მითქვამს”, – ამბობს ზოიძე.
ზოიძის კომენტარი გააკრიტიკეს “სირცხვილიას” აქციის ორგანიზატორებმა. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, გადმოცემით იცის, რომ ზოიძემ, რომელიც ნათელ წერტილად მიიჩნეოდა ოცნებაში, მათ უწოდა ქვეყნის მტრები და მეხუთე კოლონა.
მტრები და მე-5 კოლონა აქციის მონაწილეებისთვის არ მიწოდებია – ზოიძე
რა მოხდა
19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.