ახალი ამბები

გერმანიის ელჩი, ფაქტობრივად, ბოლომდე იყო პარლამენტში, დანარჩენები ხაზზე იყვნენ – ჯავახაძე

12 ივლისი, 2019 • 1764
გერმანიის ელჩი, ფაქტობრივად, ბოლომდე იყო პარლამენტში, დანარჩენები ხაზზე იყვნენ – ჯავახაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, 20 ივნისის ღამეს, ფაქტობრივად, ბოლომდე იყო პარლამეტნში, სხვებს კი შსს-სთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

“იმ ღამეს, თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი, ფაქტობრივად, ბოლომდე იყო პარლამენტში იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო.

“მე ვიყავი იქ, შიგნით [პარლამენტის შენობაში] და ვუყურებდი, უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს… უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშულოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ 11 ივლისს, “ტვ პირველის” ეთერში.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა უარყო, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყვნენ აქციის დაშლის დროს პარლამენტში და აცახდებენ, რომ ეს საქართველოს შიდა საქმე იყო.

ერთადერთი, ვისზეც დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირშია. ის საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩიტაძის ქუჩიდან დაახლოებით 23:10 საათზე შევიდა, თუმცა უცნობია, დარბევის მომენტშიც იქ იყო თუ არა. დღეს ამ თემაზე გერმანიის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ.

ელჩები, რომლებმაც დარბევის ღამეს პარლამენტში ყოფნა არ დაადასტურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი