ახალი ამბები

სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა [ფოტო]

17 იანვარი, 2015 • 1513
სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა [ფოტო]

სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

 

აქციის მონაწილეებმა  ქალაქ გიუმრიში მოკლული ავეტისიანების ოჯახის ხსოვნის პატივსაცემად საელჩოსთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს.

 

აქციაზე, რომელიც სამი დღის წინ სოციალურ ქსელში დაანონსდა, დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორის, გიორგი ჩინჩალაძის თქმით, გამორიცხული არაა, რომ მსგავსი ტრაგედია ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს რუსეთის მხრიდან:

 

“გამორიცხული არაფერია, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი შემთხვევა 1999 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა მსგავსი ქმედება ჩაიდინა და რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი უბრალოდ მოკლა. ვერაფერს გამოვრიცხავ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ხშირად მიდის აპელირება იმაზე, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების არსებობა ხშირად მსგავსი ქმედებებით სრულდება ხოლმე.”

 

სოლიდარობის აქციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც. ომბუდსმენის ოფისთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი, კობა ჩოფლიანი აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის ჯარისკაცები შესულან.

 

“როგორც ბოლო ორასმა წელმა დაგვანახა, იმ სახლემწიფოს მხრიდან და იმ სახელმწიფოს ჯარისკაცების მხრიდან, ვინც ეს განახორციელა, არაც ერთი არასასიამოვნო მოულოდნელობაა გამორიცხული. მსგავსი და უფრო უარესი ტრაგედიები არაერთხელ მომხდარა იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთის ჯარები დგანან. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილების ოჯახებს, ნათესავებს, ახლობლებს და მთლიანად სომხეთს და სომეხ ხალხს,” – განაცხადა ჩოფლიანმა.

 

აქციის მონაწილე, ბექა მინდიაშვილი სამძიმარს უცხადებს სომეხ ხალხს. გარდა ამისა, ის სომხეთის საელჩოსთან მეზობელ ქვეყანაში რუსული ბაზების არსებობას აპროტესტებს:

 

“ეს ტრაგედია არის ყველაზე თვალსაჩინო, რამდენად დიდი საფრთხეა რუსი სამხედრო ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს არის აქ მთავარი. მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ შიშვლად უნდა დაანახოს ყველას, რომ რუსეთთან ურთიერთობა და რუსული სამხედრო ბაზები არის ფაქტობრივად ტერორისტების წარმომადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნებში. სომეხი ხალხი დღეს ამას ძალიან მკაფიოდ და თვალნათლივ ხედავს.”

 

მინდიაშვილის თქმით, სადაც რუსი სამხედრო არის სიტუაციის განმკარგველი, ყველა ქვეყანა დგას უდიდესი საფრთხის წინაშე: “არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ამით კარგავენ დამოუკიდებლობას, კარგავენ თავისუფლებას, არამედ ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგანან – ეს არის საფრთხე ადამიანის სიცოცხლისთვის. ეს ტრაგედიაც ამას გვიჩვენებს.”

 

საქართველოსა და სომხეთის დროშებით აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ სომხეთის საელჩოსთან ყვავილები, სანთლები და მცირე ზომის ბანერები მიიტანეს.

 

“ჩვენი ორგანიზაციის სახელით გვინდა გამოვხატოთ მწუხარება სომეხი ხალხის მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდში,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი გზის” წარმომადგენელმა, მარიამ ათაბეგაშვილმა.

 

სომხეთის საელჩოსთან იმყოფებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც. ოთო კობახიძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს ბევრი საერთო გასაჭირი ახსოვთ, რის გამოც თავს ვალდებულად მიიჩნევს სომეხ ხალხს გამოუცხადოს სოლიდარობა:

 

“მე სომეხ ხალხს მინდა გამოვუცხადო უბრალოდ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ რაც სომხეთში მოხდა, არის ძალიან მძიმე ტრაგედია. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გასაჭირი გვახსოვს ისტორიიდან და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ სომეხ ხალხს გამოვუცხადო ამ ტიპის სოლიდარობა. სომეხი ხალხი, მთელი საზოგადოება ადრე თუ გვიან სრულად გააცნობიერებს, რომ რუსი ჯარისკაცების ადგილი არა მარტო სომხეთში და საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში არ არის. ისინი რაც მალე გააცნობიერებენ ამას, მით უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენთან ასეთი ტრაგედიები უკვე ყოველდღე ხდება. მაგალითად, გორში მავთულხლართების გავლება იგივე რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკვე შეუქცევად პროცესად იქცა. დილით გორელი გლეხი რომ აღმოაჩენს, თავისი კარმიდამოს ნაკვეთი მას აღარ ეკუთვნის, იმიტომ, რომ რუსმა ჯარისკაცმა ასე გადაწყვიტა, ეს უკვე ტრაგედიაა და ეს ჩვენთან ყოველდღიურად ხდება ბოლო პერიოდში მთელი საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ეს ყოველდღიური მოვლენაა ჩვენს რეალობაში. იგივე მოხდა სომხეთშიც. შეიძლება ცოტა განსხვავებული მოვლენებია, მაგრამ რაც რუსებმა ტრაგედიები დაატრიალეს ჩვენთან, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ამას სისტემატიური ხასიათი აქვს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში.”

 

12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის  ექვსი წევრი მოკლეს. ეჭვმიტანილმა, რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მთელი ოჯახი ამოხოცა და ახალშობილი ბავშვი დაჭრა. 

საინფორმაციო სააგენტო News.am-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 13 იანვარს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე აიყვანეს და გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მოხდა.


ტრაგედიიდან მეორე დღესვე ერევანში, რუსეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სომხეთის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას და რუსეთის ელჩის გაწვევას მოითხოვდნენ.


“არმენია თუდეის” ცნობით, ამ დროისთვის ეჭვმიტანილი რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. ის ჯერ კიდევ არ გადაუციათ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის.


მომხდართან დაკავშირებით 12 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია შეიქმნა და მკვლელობის გამოსაძიებლად შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა.

 

სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი