ახალი ამბები

აშშ რუსეთს საქართველოსთან ფრენების აღდგენისაკენ მოუწოდებს

11 ივლისი, 2019 • 678
აშშ რუსეთს საქართველოსთან ფრენების აღდგენისაკენ მოუწოდებს

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან” – უთხრა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამერიკის ხმის ცნობით, კომენტარი ვაშინგტონში გაკეთდა რუსეთის მხარის რეაქციაზე, რომელიც მოჰყვა საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.

“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – ამერიკის ხმის ცნობით, აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი