ახალი ამბები

ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველო უფრო დემოკრატიული და წარმატებული გახდა – ზურაბიშვილი

11 ივლისი, 2019 • 894
ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველო უფრო დემოკრატიული და წარმატებული გახდა – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა “ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს” თავს არასდროს აარიდებს.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრესსაც, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანამ ბოლო 15 წლის მანძილზე, სხვადასხვა მიმართულებით განიცადა.

“უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო გახდა უფრო დემოკრატიული და წარმატებული. ჩვენმა დემოკრატიულმა კულტურამ განვლო წყება სიახლეებისა: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება 2012 წელს; პირველი პარლამენტი კონსტიტუციური უმრავლესობის გარეშე; მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩვენი ინსტიტუციები გაძლიერდნენ: პარლამენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი ადამიანის მმართველობა; მედიის პლურალიზმი არასდროს ყოფილა ასე ძლიერი; რეფორმებმა გაამყარა კანონის უზენაესობა ინდივიდებისა და ბიზნესისასთვის.

სადაც დღეს ვართ, ადასტურებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებასა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მზაობას. თუმცა საქართველოს ამბიცია აქ არ სრულდება და ძალიან ნათელია: ეს არის სვლა უფრო წინ, გაწევრიანებისკენ”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა შორისაც ბრექსითი, ევროსკეპტიციზმი და იმიგრაცია მოიხსენია. მისი თქმით, ორგანიზაცია, პირველ რიგში, თავად საჭიროებს რეფორმირებას და ევროკავშირი ახლა ამ საკითხს ანიჭებს პრიორიტეტს, ვიდრე ახალი წევრების მიღებას.

“როგორც თქვენი წარმატების ისტორია, ჩვენ მივისწრაფვით ვიყოთ ინოვატორები. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ საცდელი სივრცე ვერ ვიქნებით.

ვინაიდან გადავდივართ პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია შევჩერდეთ ან სვლა შევანელოთ”, – დაამატა მან.


“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო პოზიტიური მოვლენა თავად რუსეთისთვისაც კი – ტუსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი