ახალი ამბები

საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო პოზიტიური მოვლენა თავად რუსეთისთვისაც კი – ტუსკი

11 ივლისი, 2019 • 1380
საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო პოზიტიური მოვლენა თავად რუსეთისთვისაც კი – ტუსკი

ევროოპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პოზიტიური მოვლენა უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას. აღნიშნული მან ევროპასთან დაახლოების კონტექსტში ისაუბრა.

“ჩვენ 2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების მეთხუთმეტე წლისთავს, რამაც დიდი შედეგი მოიტანა ჩემი ქვეყნისათვის, პოლონეთისთვისაც, და ამავე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც დაიწყო თავისი დემონსტრაციებით თბილისში და სხვა ქვეყნებში. ასევე, პოლონეთში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები შემოდგომაზე იმ წელს და ასე შემდეგ. გახსოვთ, ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომაო ამ ეპოქისო.

მე მინდა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. დარწმუნებული ვარ, თვით რუსეთისთვისაც კი.
ეს არის ძალიან სიმბოლური დრო, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გზა გავიარეთ ამ დროის განმავლობაში და როგორ გავაგრძელოთ ეს სვლა. თუკი გადავხედავთ აღმსოავლეთ პარტნიორობის ათ წელიწადს, დავინახავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, უფრო სტრუქტურირებული გახდა და უფრო პროგნოზირებადიც”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.


“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი