ახალი ამბები

ექსპერტის თქმით, გახარიამ მიანიშნა, რომ ნარინჯისფერი ტყვიები პანკისის გამოცდილების გამო გამოიყენეს

10 ივლისი, 2019 • 1176
ექსპერტის თქმით, გახარიამ მიანიშნა, რომ ნარინჯისფერი ტყვიები პანკისის გამოცდილების გამო გამოიყენეს

გუშინ, 9 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დახურულ ფორმატში ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

როგორც ექსპერტთა ნაწილმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ,  დღეს განაცხადა, მინისტრმა ისაუბრა 20 ივნისს, საპროტესტო ტალღის აგორებიდან აქციის დაშლამდე განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა საუბარი მეტწილად ზოგადი იყო:

“ის ხაზს უსვამდა მხარეების გადადგმულ ნაბიჯებს: მომიტინგეების, ოპოზიციის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების – ამ ყველაფერზე კონტურულად იყო საუბარი”, – თქვა მამუკა არეშიძემ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გახარიამ აღნიშნა, რომ აქციის დაშლის შესახებ ბრძანება თავად გასცა და ეს მთლიანად მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია:

“თქვა, რომ არ აპირებს წასვლას. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, თქვა, რომ მთლიანად მისი პასუხისმგებლობის საკითხია, ბრძანება მისი გაცემულია. კონკრეტიკა არ იყო, თუმცა, რაც საზოგადოებას აინტერესებს, რეალურად რა მოხდა, საიდან დაიწყო ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანია დაშლის ეპიზოდი, მაგრამ ყველას აინტერესებს, რა მოხდა.

აღნიშნა, რომ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა და აუცილებელია ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ თვითონაც გაუსვა ხაზი, რომ გადაცდენის რამდენიმე ფაქტი იყო. მოყვა კიდეც ერთი ეპიზოდი, როცა სკვერში მდგარ ხალხს ესროდა ერთ-ერთიო [სამართალდამცველი]”, – ამბობს არეშიძე.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ამირან სალუქვაძემაც. მისი თქმით, გახარიამ ასევე განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო 20 ივნისს, დღის განმავლობაში, პარლამენტის შენობის გაძლიერებული დაცვა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის დეპუტატებსი მიერ საშვების გაათმაგებული რაოდენობით გაცემა იყო:

“ისაუბრა, როგორ დაიწყო პროცესები, როგორ განვითარდა მთლიანად პოლიციური ოპერაციის მსვლელობა, დაწყებული პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერებიდან, დამთავრებული უკვე საპროტესტო აქციის დაშლით. ისაუბრა, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება გაეძლიერებინათ პარლამენტის [დაცვა]. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა და ფონისა, რომელიც შეიქმნა გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომით, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან.

მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ თუ საშუალოდ დღეში რომელიმე პარტია 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა. დავუშვათ, რომ 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს”, – ამბობს სალუქაძე.

მისი თქმით, მინისტრმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ 20 ივნისის ღამით გამოყენებულ აღჭურვილობაზეც ისაუბრა. რაც შეეხება ნარინჯისფერ, ე.წ. რაკეტისებურ (ნარინჯისფერ) ტყვიებს, აღნიშნა, რომ მათ გამოყენებაზე პანკისის მოვლენებმა იქონია გავლენა:

“აქ იმოქმედა გარკვეულწილად, ალბათ, პანკისის აქციამ, როცა ზეგავლენა ვერ მოახდინა პატარა რეზინის ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა.

ისაუბრა ასევე გადაცდომებზე ცალკეული პოლიციელების მხრიდან და გამოყენებულ საშტატო აღჭურვილობაზე და საშუალებებზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. ეს არის, რაც გააჩნია სპეცრაზმელებს- ფარი, ხელკეტი, ნიღბები, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ა.შ. საუბარი შეეხო რეზინის ტყვიების თავისებურებებს”, – თქვა სალუქცაძემ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი