ახალი ამბებირეკლამა

სანდრო ნავერიანი: საზოგადოება არ თვლის, რომ ყოფილი პატიმარიც განვითარების რესურსის მქონე ადამიანია

14 ივლისი, 2019 • 1943
სანდრო ნავერიანი: საზოგადოება არ თვლის, რომ ყოფილი პატიმარიც განვითარების რესურსის მქონე ადამიანია

სანდრო ნავერიანი, მწერალი:

ჩემი აზრით, ყოფილი პატიმრების მიმართ არსებობს სტიგმა და ეს პრობლემა ორმხრივია – თვითონაც უნდობლობით გამსჭვალულნი უყურებენ საზოგადოებას, რომელსაც უბრუნდებიან, ოღონდ ამ უნდობლობას ისევ საზოგადოება იწვევს, რადგან ესაა საზოგადოება, რომელიც ცნობს და აღიარებს იარლიყებს, სიმბოლოებს, მაგრამ მათ მიღმა შინაარსის ძებნას არც კი ცდილობს. საპატიმროში ყოფნის გამოცდილებაც ერთმნიშვნელოვანი იარლიყია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და ის იმდენად სწორხაზოვანი იარლიყია, რომ დაშვებას – ყოფილი პატიმარიც განვითარების რესურსების მქონე ადამიანია – არ ცნობს. შესაბამისად, შესაძლოა, არაგაცხადებულად და არა პირდაპირ, მაგრამ ყოფილი პატიმრები მუდმივად ამ განწყობას იღებენ სოციუმის გარკვეული ნაწილის მხრიდან, რაც აისახება – სამსახურის პოვნის სირთულეებზე, ახალი ინტერესების გაჩენის სირთულეებზე, სოციალური ურთიერთობების სირთულეებზე და სხვა. 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი სირთულეებით საქართველოს მოსახლეობის სოლიდური ნაწილი ცხოვრობს და პატიმრობა არაფერშუაშია. საქართველოში შექმნილი სოციალური გარემო ზოგადად არ არის ორიენტირებული ადამიანის განვითარებაზე, შინაგანი რესურსების მაქსიმალურ რეალიზაციაზე, ბედნიერების პოვნაზე.

ვფიქრობ, რომ ცვლილებები პარალელურად, ორივეგან უნდა დაიწყოს – პენიტენციურ სისტემაშიც და საზოგადოებაშიც, რომელსაც განათლებაზე, ახალ ცოდნასა და ინფორმაციაზე წვდომის მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს. შესაბამისად, ფინანსური რესურსების ჩადება განათლებაში, მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს უფრო ტოლერანტულ, უფრო ფართო თვალსაწიერით მცხოვრებ საზოგადოებას, რომელიც სწორედ იარლიყებს მიღმა აზროვნებას შეძლებს, არ იქნება ორიენტირებული დასჯასა და გარიყვაზე, არამედ შემწყნარებლობასა და განვითარებაზე.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი