ახალი ამბები

პირველად არ გვესმის ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია – ბახტაძე პუტინის განცხადებაზე

10 ივლისი, 2019 • 1809
პირველად არ გვესმის ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია – ბახტაძე პუტინის განცხადებაზე

ქობულეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია, ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას“.

მისივე შეფასებით, საქართველოს მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნაში მცხოვრები ყველა ეთნოსის ადმიანი:

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე როგორც მსოფლიო თანამეგობრობას, აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“.

_____

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი