ახალი ამბები

გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა

8 ივლისი, 2019 • 1961
გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, არხის თვითრეგულირების ორგანომ საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა.

თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით. ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.


ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი