ახალი ამბები

დაგეგმილი პრაიდი ვერ ჩატარდა, აქციის ადგილას მოწინააღმდეგეები მივიდნენ

8 ივლისი, 2019 • 2175
დაგეგმილი პრაიდი ვერ ჩატარდა, აქციის ადგილას მოწინააღმდეგეები მივიდნენ

8 ივლისს დილას დაგეგმილი ღირსების მარში (თბილისის პრაიდი) ვერ ჩატარდა. პრაიდის მოწინააღმდეგეებმა წინა ღამითვე გაიგეს, სად და რა დროს იგეგმებოდა პრაიდის ჩატარება, შესაბამისად, ორგანიზატორების თქმით, შეკრება მომეტებული საფრთხის შემცველი იყო, შსს-სგან დაცვის გარანტია არ ჰქონდათ და გააუქმეს.

ორგანიზატორებმა წინა დღით განაცხადეს, რომ მარში 8 ივლისს ჩატარდებოდა, რასაც მალევე მოჰყვა მოწინააღმდეგეების მობილიზაცია. მათ განაცხადეს, რომ ქვიარ უფლებების აქტივისტებს არ მისცემდნენ შეკრების საშუალებას.

7 ივლისს, გვიან საღამოს, დახურულ ჯგუფში დაანონსდა, რომ აქცია დილის 9 საათზე გაიმართებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე, თუმცა ინფორმაციამ მალევე გაჟონა. გვიან ღამით ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, აღარ მისულიყვნენ შერჩეულ ადგილას.

8 ივლისის დილას შსს-სთან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც პრაიდის ჩატარებას აგრესიულად ეწინააღმდეგებიან და არაერთხელ დაემუქრნენ აქტივისტებს ძალადობით. ადგილზე ჯვრით ხელში მივიდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, შემდეგ კი თანამოაზრეებთან ერთად წავიდა ვერის ბაღში.

ვერის ბაღში პრაიდის მოწინააღმდეგეები უკვე რამდენიმე კვირაა იკრიბებიან. ვასაძის თქმით, ისინი მთელი დღის განმავლობაში იქნებიან იქ და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ თუ სადმე ლგბქ უფლებების აქტივისტების შეხვედრა დაიგეგმა, მივლენ და გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

პრაიდის ჩაშლის შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა, „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი დღის განმავლობაში გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებენ, — ჩაატარებენ თუ არა საერთოდ ღირსების მარშს, თუ კი, სად, როდის და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი