ახალი ამბები

პრემიერი და პრეზიდენტი Charlie Hebdo–ზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურნენ

7 იანვარი, 2015 • 1153
პრემიერი და პრეზიდენტი Charlie Hebdo–ზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურნენ

“ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ  საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი,”– ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პრემიერის განცხადებით, სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

 

“დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ,”– ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.
 
გამოცემა Charlie Hebdo.  © EPA
გამოცემა Charlie Hebdo. © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი