შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, გიორგი დალაქიშვილმა თანამდებობა „პირადი განცხადების საფუძველზე, ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა“.
გასული წლის მონაცემებით, შალვა ბედოიძე შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მისი წლიური შემოსავალი 64 850 ლარი იყო.
2014 წლის მონაცემებით, შალვა ბედოიძეს სახელზე არავითარი უძრავი ქონება არ ირიცხება. უძრავ ქონებას – 47 კვადრატულ ბინას თბილისში ფლობს მისი მეუღლე – გვანცა ბედოიძე. შალვა ბედოიძეს აქვს ავტომანქანა OPEL ASTRA, ხოლო მის მეუღლეს- ავტომანქანა TOYOTA RAV4 .
ქონებრივი დეკლარაცია თბილისის პოლიციის ახალ უფროსს პირველად 2012 წელს აქვს შევსებული. მაშინ შალვა ბედოიძე საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, კომპანია მეტეხი გრუპში მთავარ იურისტად.
შალვა ბედოიძის ანაზღაურება თანამდებობაზე ყოფნისას 18 147 ლარი იყო, ხოლო თანამდებობაზე დანიშვნამდე, ანუ კერძო კომპანიაში მუშაობისას- 4180 ლარი. ამ წლის ქონებრივ დეკლარაციაში შალვა ბედოიძეს უწერია, რომ სამ მსუბუქ ავტომანქანას ფლობს – OPEL ASTRA, MERCEDES-BENZ C 220 CDI, ISUZU ELF.
2013 წელში შალვა ბედოიძის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი კერძო კომპანია ჩანს – ბედოიძე შპს „მთის“ მთავარი იურისტის პოზიციაზე მუშაობდა და ანაზრაურება 13 075 ლარი ქონდა. 2013 წლის ბოლოს შალვა ბედოიძე ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად ინიშნება.
32 წლის შალვა ბედოიძეს ჰყავს მეუღლე და ორი წლის შვილი.








