“აღნიშნული საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით,”– ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესაამსახურის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
გარდა ამისა, საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 6 იანვარს, 16.00 საათზე გაიმართება.