ახალი ამბები

ბათუმის პორტიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

5 იანვარი, 2015 • 1343
ბათუმის პორტიდან დათხოვნილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

აქცია, რომელშიც 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, 10.00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

 

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ 35 თანამშრომელი 2014 წლის 31 დეკემბერს დაითხოვა. 5 იანვარს აქციის მონაწილეები პორტის დირექტორთან ითხოვდნენ შეხვედრას. 

 

 „ჩვენ ჟურნალისტებისგან ვიცით, რომ თითქოს 200-200 ლარს შეგვინარჩუნებს მარტამდე, მაგრამ ჩვენ ამას დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს უვადოდ გაგვიფორმებენ; ხოლო გაზაფხულიდან თუ წამოვა ტვირთები, ხელფასებს გაგვიზრდიან, რადგან ჩვენ მიზერულ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე იმედა დოლიძე. 

 

ბათუმის ნავსადგურის დირექტორის მოადგილემ, ლევან ფაილოძემ „ბათუმელებს“  განუცხადა, რომ პორტის ადმინისტრაცია მზად არის დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასები – 200-200 ლარი და დაზღვევა შეუნარჩუნოს. ლევან ფაილოძის თქმით, ეს შეთავაზება აისახება „ოფიციალურ მემორანდუმში“, რომელსაც ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებთან გააფორმებს. რაც შეეხება უვადო ხელშეკრულებას, ლევან ფაილოძის თქმით, „ეს გამორიცხულია“, ხოლო „ხელფასების მომატებაზე საუბარი არ ყოფილა“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი