ერთ-ერთი დაკავებულის, ნატა ფერაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტები, თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს. „ჩვენმა ადვოკატმა მოსამართლეს გადასცა სრული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ერთ-ერთი მოხალისე იღებდა დაკავებამდე, დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეები უნდა გავეცნოთ ამ მასალებს, ჩვენ -პატრულის მასალებს, ხოლო პატრული- ჩვენს მასალებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნატა ფერაძემ.

ნატა ფერაძის თქმით, ის აპირებს შესაგებებელი სარჩელის შეტანას სასამართლოში: „დაკავების შემდეგ მანქანაში ვისხედით ხუთი საათი და მერე უბრალოდ გაგვიშვეს. ჩვენს მიმართ დაკავებისას ძალიან ბევრი პროცედურა დაირღვა – არ გვითხრეს რისთვის გვაკავებდნენ, ხუთი საათი ისე გაგვაჩერეს მანქანაში, რომ არ მოგვცეს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება, მომაყენეს ტრავმა – ძალიან მძიმედ მათრიეს და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, არ დაელოდნენ სასწრაფოს მოსვლას, ანუ ჩვენი წაყვანიდან ნახევარ საათში მისულა სასწრაფო“.
შემდეგი სასამართლო პროცესი 8 იანვარს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზაშვილი განიხილავს. „პარტიზანი მებაღეების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს სასამართლოში.
„პარტიზან მებაღეებს“ ბრალი სამი მუხლით აქვთ წაყენებული – წვრილმანი ხულიგნობა, მანიფესტაციის წესების დარღვევა, დაუმორჩილებლობა/პატრულის შეურაცხყოფა.
“პარტიზანი მებაღეები” დედაქალაქში, კერძოდ, სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის საკითხის გადადებას ითხოვენ, რაც, მათი განმარტებით, “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდება და ამ პროექტზე საჯარო განხილვების მოწყობას მოითხოვენ. „პარტიზანი მებაღეების“ ოთხი წევრი გუშინ სწორედ ამ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
