ახალი ამბები

ცქიტიშვილი: გახარიას პასუხისმგებლობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თანამდებობაზე

4 ივლისი, 2019 • 894
ცქიტიშვილი: გახარიას პასუხისმგებლობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თანამდებობაზე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას და მისი პოლიტიკიკური პასუხისმგებლობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ თავის თანამდებობაზე რჩება:

“მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად.

რაც შეეხება, ზოგადად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად“, – ამბობს მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი