ახალი ამბები

ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი დევიდ სასოლი გახდა

3 ივლისი, 2019 • 2001
ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი დევიდ სასოლი გახდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტად “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წარმომადგენელი, იტალიერი დევიდ სასოლი აირჩიეს.

სასოლის კანდიდატურას 667 დეპუტატიდან 345-მა დაუჭირა მხარი.

დევიდ სასოლი პრეზიდენტად განახლებადი ვადით, 2,5 წლით არის არჩეული, რაც ახალი მოწვევის ევროპარლამენტის უფლებამოსილების ვადის ნახევარს წარმოადგენს.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელი აირჩიეს. ბელგიელი პოლიტიკოსი ამ პოსტზე დონალდ ტუსკს შეცვლის. იგი თანამდებობას 2019 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 მაისამდე დაიკავებს.

ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ევროპარლამენტს წარუდგინოს გერმანიის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეიენის კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს. ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი. ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. მანფრედ ვებერს “ევროპის სახალხო პარტიიდან” (EPP) და ფრანს ტიმერმანსს “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან” (S&D), რომლებიც იუნკერის პოსტის მთავარ კანდიდატებად განიხილებოდნენ, ევროპის ლიდერებმა მხარი არ დაუჭირეს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შემცვლელი ხოსეპ ბორელი იქნება, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი კრისტინ ლაგარდი განიხილება.

ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/377658/

მასალების გადაბეჭდვის წესი