ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროპის ახალი პარლამენტი უფრო ფრაგმენტირებული იქნება, თუმცა მის აბსოლუტურ უმრავლესობას – ⅔-ს პროევროპული პოლიტიკური ძალები შეადგენენ.
ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც 23-26 მაისს გაიმართა, ამომრჩეველთა აქტივობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო და 50%-ს გადააჭარბა.
წინასწარი მონაცემებით, გაზრდილია ლიბერალებისა და მწვანეების მხარდაჭერა, ნაციონალისტებმა კი, ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში გამარჯვების მიუხედავად, ისეთ წარმატებას ვერ მიაღწიეს, როგორსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი ელოდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროპის პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატს (179) კვლავ ევროპის სახალხო პარტია (EPP) მოიპოვებს, 150 მანდატს მიიღებს სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), მესამე ადგილს 107 ხმით კი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი იკავებს.
ლიბერალების, მწვანეებისა და ნაციონალისტების მხარდაჭერის ზრდის ფონზე, მემარჯვენე ცენტრისტულმა და მემარცხენე ცენტრისტულმა ბლოკებმა დაკარგეს საერთო უმრავლესობა, რომელსაც ევროპის პარლამენტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ქმნიდნენ. შედეგად, ევროპელი სოციალ-დემოკრატები და ევროპის სახალხო პარტია, ლიბერალებისა და მწვანეების მხარდაჭერის გარეშე, დიდი უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებენ.
“ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან ევროპის პარლამენტში ახალი ძალთა ბალანსი ყალიბდება”, – განაცხადა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანს ევროპისთვის (ALDE) ლიდერმა გაი ვერჰოფსტატმა.
მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP), მიუხედავად იმისა, რომ 38-ით ნაკლებ ადგილს მიიღებს, ვიდრე 2014 წლის მოწვევის პარლამენტში, და ვიქტორ ორბანის “ფიდესის” გამოყოფის შემთხვევაში კიდევ 13 ხმა შეიძლება დაკარგოს, რჩება ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფად ევროპის პარლამენტში და მოსალოდნელია, რომ პროევროპულ კოალიციას ჩამოაყალიბებს. ანალიტიკოსების აზრით, ევროპის სახალხო პარტია დიდ პროევროპულ კოალიციას სოციალ-დემოკრატების ბლოკთან, ლიბერალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან ერთად შექმნის.
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი ასეთი ალიანსის შექმნის მოწოდებით უკვე გამოვიდა, თუმცა სოციალისტების წამყვანი კანდიდატი და ევროკომისარი ფრანს ტიმერმანსი “პროგრესული ალიანსის” შექმნის მომხრეა – ლიბერალების, მწვანეებისა და ულტრამემარცხეენეების მონაწილეობით და EPP-ის გარეშე.
“შეუძლებელია სტაბილური უმრავლესობის შექმნა EPP-ის წინააღმდეგ. ჩემი მესიჯია, შემოუერთდით ევროპის სახალხო პარტიას”, – განაცხადა, თავის მხრივ, მანფრედ ვებერმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს წევრი სახელმწიფოების მიხედვით, გერმანიაში ორივე ცენტრისტული პარტიის შედეგები გაურესდა. კანცლერ ანგელა მერკელის “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის მხარდაჭერა 35%-დან (2014 წელს) 28%-მდე შემცირდა, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების კი – 27%-დან 15.5%-მდე. მოსალოდნელზე ცუდი შედეგი აჩვენა მემარჯვენე პოპულისტურმა “ალტერნატივამ გერმანიისთვის” (AfD), რომელმაც 10.5% მიიღო.
გაერთიანებულ სამეფოში გამარჯვება მოიპოვა ახლად ფორმირებულმა ბრექსიტის პარტიამ, ნაიჯელ ფარაჯის ხელმძღვანელობით, რომელმაც ხმათა 32% დააგროვა. წარმატებას მიაღწიეს ლიბერალ-დემოკრატებმაც, ხოლო კონსერვატიულმა და ლეიბორისტულმა პარტიებმა უკუსვლა განიცადეს.
საფრანგეთში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ, მართალია, უფრო ცუდი შედეგი აჩვენა, ვიდრე 2014 წლის არჩევნებში, თუმცა მაინც დაამარცხა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია. ეს უკანასკნელი ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს (ALDE) შეურთდა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეიძლება იყოს ერთ-ერთ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ევროპის პარლამენტში.
უნგრეთში პრეზიდენტ ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესმა”, რომელიც ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გამტარებელია, ხმათა უმრავლესობა – 52% მიიღო.
იტალიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებას მიაღწია შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმათა 30%-ით.
ესპანეთში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ (PSOE) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ულტრამემარჯვენე Vox-ზე და მომავალ პარლამენტში 20 მანდატს მიიღებს.
რაც შეეხება საბერძნეთს, პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ვადამდელი არჩევნები დააანონსა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტია “ახალ დემოკრატიასთან” დამარცხდა.
საბოლოო ჯამში, მემარჯვენე, ნაციონალისტური, ანტიევროპული დეპუტატების რაოდენობა ევროპის პარლამენტში 78-დან 108-მდე გაიზრდება, რასაც დაემატება უფრო ზომიერი ევროსკეპტიკოსების 61 ხმა.
ამავე თემაზე:
რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?