ახალი ამბები

კანონპროექტით თუთუნიც გაძვირდება

2 ივლისი, 2019 •
კანონპროექტით თუთუნიც გაძვირდება

თამბაქოზე არსებული რეგულაციები შესაძლოა ელექტროსიგარეტებზე, თუთუნსა და თამბაქოს სხვა ახალ ნაწარმზეც გავრცელდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონს თამბაქოს ახალი ნაწარმი და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ემატება.

წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი; ამასთან, თამბაქოს ამ ნაწარმზეც იმოქმედებს იგივე საგადასახადო რეჟიმი, რაც თამბაქოსა და ნიკოტინზე უკვე ვრცელდება. 

ავტორების ინფორმაციით, ცვლილების დამტკიცების შემდეგ, საწყის ეტაპზე ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 30-40 მილიონი ლარით გაიზრდება. ცენტრალურ ბიუჯეტში ამ თანხის აკუმულირება მოხდება თამბაქოს ახალი ნაწარმისა და შესაბამისი მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციის შედეგად გადახდილი აქციზითა და დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ).

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გურამ მაჭარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუთუნი დაიბეგროს თამბაქოს სხვა ნაწარმის მსგავსად, რადგან ის შედარებით იაფი ღირს, რის გამოც მწეველთა რაოდენობა არ მცირდება.

“ამ ცვლილების მიღების შემდეგ თამბაქოს ნებისმიერი სახეობა დაექვემდებარება იმ რეგულაციებს, რაც სიგარეტზე უკვე არსებობს. სწორედ ეს არის ამ კანონპროექტის მიზანი”, – აცხადებს მაჭარაშვილი. 

განმარტებითი ბარათის თანახმად კი,  თამბაქოს ახალ ნაწარმის რეგულირების მიღმა დატოვება უარყოფითად მოქმედებს თამბაქოს კონტროლის შემზღუდველი ნორმების ამ პროდუქციის მიმართ გავრცელებაზე, რაც ასევე უარყოფითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

პროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესიც. კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები იქნებიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.

შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე, მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

კანონპროექტის ავტორები არიან  “ქართული ოცნების” წევრები: ირაკლი ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი