ახალი ამბები

დღეიდან მოქალაქეების ნაწილი პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებს

1 ივლისი, 2019 • 2365
დღეიდან მოქალაქეების ნაწილი პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებს

პირველი ივლისიდან პირველ ნოემბრამდე მოქალაქეების ნაწილი პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემა  საარჩევნო სიის კიდევ უფრო მეტად დახვეწის მიზნით ხდება.

“მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი”,-აცხადებენ იუსტიციის სახლში.

2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს. თუ:

  • მათ სახელზე 2019 წლის პირველ ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
  •  მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის პირველ ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის პირველ ნოემბრამდე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
  • რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
  •  მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
  • რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

ამასთან, აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი