“იმის ნაცვლად, რომ პრემიერის განმარტების შემდეგ თავდაცვის მინისტრი გამოსულიყო და საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის, პარლამენტისთვის, აეხსნა, რატომ მოუვიდა მას ეს შეცდომა, ის გაჯიუტდა, არ გამოჩნდა. ჩვენ არ ვიცით, სად არის თავდაცვის მინისტრი. დაემალა საზოგადოებას, ეს კარგი არ არის. სპეცსამსახურების გამოცდილება თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანმა უნდა გადადოს გვერდზე. ის ღია სამოქალაქო პირია და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას, იმიტომ, რომ ჯარს, ოფიცრებს, გენერლებს, ისედაც ექნებოდათ კითხვები”, – განაცხადა პარლამენტარმა
დავით ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრი უნდა მივიდეს საქართველოს პარლამენტში და განმარტოს, თუ ვინ დაუშვა შეცდომა და ვინ იყო ამ განცხადების ავტორი და ინიციატორი.
თავდაცვის სამინისტრო შაბათს, 22 დეკემბერს, უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ რომ უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ.
ამ განცხადებას მოქალაქეების ნაწილის და პოლიტიკოსების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა პარტიის წევრების ნაწილმა და პრემეირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მოგვიანებით სამინისტრომ აღნიშნული განცხადება ფეისბუქის გვერდიდან წაშალა.
21 დეკემბერს ამ განცხადების გამო მოქალაქეებმა თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.
32 წლის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში დაიღუპა. ის ლუგანსკში, სოფელ “სჩასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა და ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.





