ახალი ამბები

რატომ არ ითხოვთ მათთვის იმუნიტეტის შეჩერებას, ვინც ასამბლეა ჩაშალა – კვიციანი

26 ივნისი, 2019 • 762
რატომ არ ითხოვთ მათთვის იმუნიტეტის შეჩერებას, ვინც ასამბლეა ჩაშალა – კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსისის” წევრი ემზარ კვიციანი დაინტერესდა, რატომ არ უჩერდებათ პარლამენტის იმ წევრებს მანდატი, რომლებმაც 20 ივნისს ასამბლეის სხდომა ჩაშალეს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა მართლმადიდებლური ასამბლეის ჩაშლით ქვეყანას მიაყენეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ზარალი.

“ვინც 20 ივნისს პროვოკაცია მოაწყო, ვინც ეს  პროვოკაცია დაგეგმა, გამოძიებულია და დადგენილია უკვე ის ადამიანები?! რატომ გადავედით პირდაპირ 21 ივნისზე და რატომ არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას, რომლებიც 20 ივნისს აქ შემოვარდნენ და ჩაშალეს ასამბლეა. მათ ამით დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. რატომ ვიწყებთ შუიდან?! ახლა აქ ზის ნიკანორ მელია როგორც განტევების ვაცი”,-განაცხადა კვიციანმა.

 

ამასთან, კვიციანმა თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიას დაკავებას, რადგან მელია თავდებით არის გამოშვებული და არსად გაქცეულა.

“ნიკანორ მელიაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გირაოთია გამოშვებული. არსად  გაქცეულა. დღესაც მოვიდა, აგერ ზის და გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი დაკავება?! თუ არის იმის საშუალება, რომ  დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნებათ, თავდებში ჩაუდგნენ. არის ასეთი შესაძლებლობა?! ანუ დეპუტატებმა აიღონ თავის თავზე, რომ ნიკა მელია არ გაიქცევა. ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ დეპუტატებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. კეთილი ვინებოთ და კოლეგიალურობა დავიცვათ. ამიტომ მოვითხოვოთ შიდაპატიმრობა, სანამ გამოძიება დასრულდება”,-განაცხადა კვიციანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი