ახალი ამბები

კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას საკითხი უნდა განიხილონ, ხმაურია

26 ივნისი, 2019 • 993
კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას საკითხი უნდა განიხილონ, ხმაურია

პარლმენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დილიდან ხმაურია. აქ 9 საათზე უნდა დაწყებულიყო სხდომა, თუმცა სხდომის დაწყება ნახევარი საათით დაგვიანდა. ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს პოლიტიკურ წარსულსა და პასუხისმგებლობებზე ეკამათებიან, ისმის ურთიერთშეურაცხმყოფელი ფრაზებიც.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უნდა განიხილონ პროკურატურის მოთხოვნა, მიმართოს თუ არა სასამართლოს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით.

საკითხს დღესვე უყრიან კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას დაკავებაზე წინასწარი თანხმობის მოსაპოვებლად პარლამენტს 25 ივნისს მიმართა. ამ საკითხის განხილვას გუშინვე მოჰყვა ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.“ევროპული საქართველოს” წევრებმა, სერგი კაპანაძემ და სერგო რატიანმა, ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ამის შემდეგ კი პარლამენტს აცნობა დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

დეპუტატის დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უჩერდება პარლამენტის  უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით.

ნიკა მელიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.

ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ, პროკურატურა მის დაკავებას აპირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი