ახალი ამბები

აქციაზე გახარიას მობილურის ნომერი გამოაცხადეს, წადი – წერენ დემონსტრანტები მინისტრს

25 ივნისი, 2019 • 4355
აქციაზე გახარიას მობილურის ნომერი გამოაცხადეს, წადი – წერენ დემონსტრანტები მინისტრს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებიც მეექვსე დღეა შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ, გიორგი გახარიას მიბილურ ნომერზე შეტყობინებებს უგზვნიან “წადი!!”. 

მინისტრის ნომერი აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა გიორგი მშვენიერაძემ გამოაცხადა.

მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მინისტრის მობილური ტელეფონის ნომრის გასაჯაროებით ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონს არ არღვევს.


მოქალაქეების პროტესტი თბილისში მოჰყვა 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის გამოსვლას, რის შემდეგაც მოქალაქეებმა აქცია გამართეს და მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის და შს მინისტრის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. პირველივე დღეს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები მეექვსე დღეა  ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი