ახალი ამბები

გახარია არ უნდა გადადგეს – კახაძე

25 ივნისი, 2019 • 2065
გახარია არ უნდა გადადგეს – კახაძე

პარლამენტის წევრი ლადო კახაძე, რომელსაც მთაწმინდის რიგგარეშე არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თვლის, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს.

რა პოზიცია აქვს მას მინისტრი გახარიას გადადგომაზე? „გახარია ასრულებს კონსტიტუციით მინიჭებულ დავალებას. სხვანაირად არ შეიძლება. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინ აღდგომა, კონსტიტუციური წესრიგის დაცვა მას კონსტიტუციით ევალება და მან ეს შეასრულა“, — უთხრა პარლამენტარმა „ნეტგაზეთს“.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახაძე გახარიას გადადგომას უჭერდა მხარს, “როგორც ბაბუა”, თუმცა ის ჩვენთან საუბარში ამბობს:

„პროცედურულად ვინ რაღაცა დაარღვია, იქ მიიღეს დიდი ტრავმები, ბავშვებმა თვალი დაკარგეს… გახარიას ეს როგორ შეიძლება ეთქვა, თვალში ესროლეთ, მოკალითო? ეს გამორიცხულია, ამის დაჯერებაც კი წარმოუდგენელია“, — ამბობს კახაძე. „ამიტომ მან თვითონ მოითხოვა, მე მოვალ პარლამენტში და ამას ყველაფერს მოგიყვებით, აგიხსნითო. პარლამენტი არის ის თავი ორგანო, სადაც წყდება ასეთი საკითხები. ქუჩაში არ წყდება… არ უნდა წყდებოდეს. ეს არის ქვეყნის თავი, ქვეყნის სტრატეგიის განმსაზღვრელი, იქ წყდება ყველაფერი. იქაც ემოციები ცოტა უნდა მოითოკოს. ეს იქნება სწორი, სამაგალითო ქმედება“…

„მე ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსტიტუციის, ქვეყნის მსახური, ის მის ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს და ეს გააკეთა გახარიამ“, — გვითხრა ლადო კახაძემ.

„მე ვთვლი, რომ [გახარია] არ უნდა გადადგეს. ის პოლიციელები, რომლებიც ფორმას ჩაიცვამენ, ისინი პიროვნებები კი არ არიან, ისინი არიან კონსტიტუცია. კონსტიტუციაზე ხელის აღმართვა არ შეიძლება. ხომ გახსოვთ კადრები, როგორ გამოათრევენ მათ? პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა — 100-მდე პოლიციელია დაშავებული. კონსტიტუციას 100-ჯერ მიაყენეს შეურაცხყოფა. ეს არ შეიძლება. მე ასე ვთვლი“.

კითხვაზე, თუკი დავუშვებთ, რომ აქციის დასაწყისში დემონსტრანტები პოლიციას უპირისპირდებოდნენ, ამართლებს თუ არა ეს აქციის ასეთი ფორმით დარბევას, მან გვიპასუხა:

„აი, ხომ ხედავთ, როგორი ლოგიკური შეკითხვა წამოვიდა? ეს განსჯის საგანია და უკვე პოლიციამ, გენერალურმა ინსპექციამ აღძრა საკითხი ამის თაობაზე. ათ კაცს [უფლებამოსილება შეუჩერეს], ორის ქმედებაში [შსს-მ განაცხადა, რომ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები]. გესმით, რაშია საქმე? ნებისმიერი ქმედების დროს რისკები არსებობს გადაცდომის და უნდა ყველანაირად ვეცადოთ, კონსტიტუციასა და ჩვენი ქვეყნის მომავალს პატივი ვცეთ. არ გავაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც მტერს გაახარებს. მცდელობა მტრისა იყო, რომ ჩვენი ქვეყნის სწორი ორიენტაცია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში დაარღვიოს და ჩვენ ამას არ უნდა წამოვეგოთ“.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დემონსტრანტებმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობა, თუმცა დემონსტრანტები ასევე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი