ახალი ამბები

ავთანდილ დემეტრაშვილი: 0%-იანი ბარიერი პარლამენტის ქმედითუნარიანობას დაასუსტებს

24 ივნისი, 2019 • 1593
ავთანდილ დემეტრაშვილი: 0%-იანი ბარიერი პარლამენტის ქმედითუნარიანობას დაასუსტებს

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, თუმცა უარყოფითად აფასებს 0%-იანი საარჩევნო ბარიერის ინიციატივას.

როგორც დემეტრაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ეს არის კონიუნქტურული წინადადება, რომელმაც უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს თავად “ქართულ ოცნებას”.

“ამ სისტემის პოზიტივია ის, რომ თითქოს დეკლარირებულია, რომ საზოგადოების ყველა ფენა წარმოდგენილი იქნება პარლამენტში. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ წარმომადგენლობითი, არამედ ეფექტურად მოქმედი პარლამენტი გვჭირდება. ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული, ათობით ან მეტი პოლიტიკური პარტია შევიდეს პარლამენტში, მათ შორის, იქნებიან ულტრამემარცხენეები, ულტრამემარჯვენეები, რადიკალური პარტიები, რაც შეუძლებელს გახდის საპარლამენტო რესპუბლიკის ქმედითი მექანიზმის არსებობას”, – განაცხადა დემეტრაშვილმა.

ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ მისი წინადადება პირიქით, 3%-იანი ბარიეის 4 ან 5%-მდე აწევა იყო, რათა საკანონმდებლო ორგანოში შესულიყო 4-5 ქმედითი, ტრადიციული პოლიტიკური პარტია და შექმნილიყო კოალიციური მთავრობა.

“კარგია ის, რომ პლურალისტური იქნება პარლამენტი, წარმოდგენილი იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიით, მაგრამ ეს დააკნინებს მის როლს და ქმედითუნარიანობას, გაართულებს კოალიციური მთავრობის შექმნას და თუ მაინც შეიქმნება კოალიციური მთავრობა, შეუძლებელი იქნება მისი ეფექტური საქმიანობა”, – განაცხადა დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, 0%-იანი ბარიერის პირობებში რთული  მათემატიკური გათვლები დასჭირდება გამსვლელი კვოტის დადგენას.

დემეტრაშვილი იხსნებს, რომ ამ სისტემით იყო არჩეული 1992 წლის მოწვევის პარლამენტი, სადაც 14 პოლიტიკური პარტია შედიოდა.

“იმ პარლამენტში გადაწყევტილების მიღება ძალიან რთული იყო, მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია მიიღო, მაგრამ ეს იყო არა იმ  სისტემის ფარგლებში, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში. მაშინ იყო ერთი ძლიერი პოლიტიკური გუნდი, შევარდნაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეძლო და წავიდა კომპრომისზე და როცა შერეული მმართველობის სისტემა უარყოფილ იქნა პარლამენტის მიერ, დათანხმდა საპრეზიდენტო რესპუბლიკას. მე არ ვიცი, რა კომპრომისზე შეიძლება წავიდნენ ერთმანეთთან “ქართული ოცნება” და გაერთიანებული ოპოზიცია. არადა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება 2 ძირითადი სუბიექტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს პროპორციულ სისტემაში”, – განაცხადა დემეტრაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური კონსულტაციების პროცესში ბარიერთან დაკავშირებული საკითხი შეიცვალოს, პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.

ამავე თემაზე:

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი