0%-იანი ბარიერი პრორუსული პარტიების შანსებს ზრდის – ლევან ბოძაშვილი

თუ აქამდე პოლიტიკური ველი ნაწილდებოდა “ყველა ერთის წინააღმდეგ”, ახლა იქნება ყველა თავისთვის, – ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი 0%-იანი საარჩევნო ბარიერის ინიციატივას.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, 0%-იანი ბარიერი რეალურად გულისხმობს 0-დან 1%-მდე ბარიერს, იმის მიხედვით, როგორ გამოითვლება საარჩევნო ფორმულა.

“საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს, რომ ყველა პატარა პარტია შეეცდება პარლამენტში შესვლას და ფინანსური ხელშეწყობაც უფრო მეტი ექნებათ. ეს დარტყმა იქნება დიდი ოპოზიციური ველისთვის. ამავე დროს, ეს პრორუსული განწყობების მქონე პარტიების შანსებს ზრდის, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას არადისკრედიტებული პროდასავლური ძალა, რომელიც ამ ყველაფერს დააბალანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალიან დიდ პრორუსულ სპექტრს პარლამენტში, რაც, ბუნებრივია, სასურველი არ არის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბოძაშვილმა.

მისი თქმით, დიდ ოპოზიციურ ძალებს გაუჭირდებათ პატარა პარტიების მიბმა საპროტესტო მუხტისთვის. ამავე დროს, ბოძაშვილის თქმით, გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ნულპროცენტიანი ბარიერი ბლოკებთან ერთად იქნება თუ ბლოკების გარეშე.

ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მსჯელობა რეალურად უნდა წარიმართოს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში და არა პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური ვაჭრობის და შეხვედრების გზით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

“შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს ნულპროცენტიანი ბარიერის მანიპულირების მექანიზმის სახით გამოყენება. როგორც აღვნიშნე, ნულოვანი ბარიერი აჩენს პერსპექტივას ყველასთვის, რაც გამოიწვევს ინდივიდუალური თამაშის დაწყებას მათი მხრიდან. ამ გზით პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იქით გადაისროლა “ქართულმა ოცნებამ”, რაც საკუთარი პოლიტიკური მომავლის შესანარჩუნებლად ტაქტიკურად სწორად გააკეთა. თუმცა ქვეყნისთვის ეს არის მოკლევადიანი გამოსავალი. გრძელვადიან პერსპექტივაში მე არ ვარ ასეთი სისტემის მომხრე. ყოველთვის ვიყავი ორპარტიული სისტემის მომხრე,იმიტომ, რომ ეს არის კრიზისების მართვის და დაბალანსების ყველაზე კარგი საშუალება. ამიტომ მოკლევადიან ვითარებაში გადაწყვეტილება განმუხტავს სიტუაციას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც შესაცვლელი იქნება. ახლა  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმულირებები იქნება კონსტიტუციაში”, – განაცხადა ბოძაშვილმა და დასძინა, რომ კონსულტაციები მაქსიმალურად მაღალი ჩართულობით წარიმართოს და გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ვენეციის კომისიის აზრი.

“ქართული ოცნება” მზადყოფნას გამოთქვამს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.

ამავე თემაზე:

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.