ახალი ამბებიხელოვნება

Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

22 ივნისი, 2019 • 3642
Open Air 2019 ოკუპაციისა და ძალადობის პროტესტით დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

ნუ მაბრმავებ! რუსეთი ოკუპანტია! – 21 ივნისს, Lisi Wonderland-ში, Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ პროტესტით გაიხსნა, პირველი საფესტივალო დღის ჰედლაინერი კი ბრიტანული ჯგუფი Franz Ferdinand იყო.

Franz Ferdinand-ის ფოტოები - დააკლიკეთ

 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო საორგანიზაციო ჯგუფმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ შექმნილი მდგომარეობა საფესტივალო განწყობაზე არ აყენებს მათ, თუმცა Open Air-ზე ასეულობით არტისტია ჩამოსული, რის გამოც დაგეგმილი ღონისძიებები აუცილებლად ჩატარდება ლისზე:

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო. Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია. ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან. Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას!”

მთავარ სცენასთან დამონტაჟებულ სარეკლამო ეკრანებზე ოკუპაციასთან დაკავშირებული სიმბოლური ილუსტრაციები მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდა.

პარალელურად საფესტივალო სივრცეში მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

Tbilisi Open Air – ფესტივალზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას უყურებენ. ფოტო: TOA

Tbilisi Open Air 2019-ში მონაწილე ჯგუფები და ფეტივალის სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ მიმართვებს ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას. სოლიდარობა ყველა მოქალაქეს, რომელიც ახლა აქციაზე დგას!” – Four Dimensional Monster Lobsters მსმენელის წინაშე გამოსვლის წინ.

სოლიდარობა ყველა მოქალაქეს, რომელიც აქციაზეა. ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის! – ამბობენ ვიდეომიმართვაში St.Nudes-ის წევრები.

ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის! არა ძალადობას! – ამბობენ LOUDspeakers-სა და MokuMoku წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აქციის მონაწილეებს.

21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი” არიან. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები:

ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. ნიუ ჰოსპიტალის ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რის ამოწურვის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ა.შ.

საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა. თბილისში, პარლამენტის წინ, აქცია დღეს 19:00 საათზე გაგრძელდება.

მოთხოვნები:

  • გიორგი გახარია უნდა გადადგეს!
  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები და დასაჯეთ ძალოვნები, რომლებმაც გადაამეტეს ძალას!
  • დაუყოვნებლივ მიიღეთ და გაგვაცანით გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე!

მასალების გადაბეჭდვის წესი