ახალი ამბები

სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებაზე გამოძიება სავარაუდოდ არ დაწყებულა

22 ივნისი, 2019 • 1606
სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებაზე გამოძიება სავარაუდოდ არ დაწყებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, დაწყებულია თუ არა გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.

“პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ დადგნენ და იცავდნენ მათ. იქ სადაც, იყო გადამეტების კონკრეტული ფაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დეტალურად შევისწავლით”, – განაცხადა დღეს, 21 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რეალურად მიმდინარეობს თუ არა შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლა, რა მუხლით მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება ან დაწყებულია თუ არა მოკვლევა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. უწყებაში აცხადებენ, რომ მათი პასუხი ამ კითხვებზე მხოლოდ გიორგი გახარიას განცხადებით შემოიფარგლება.

კონკრეტულ კოთხვას არ პასუხობენ საქართველოს პროკურატურაშიც.

“საქართველოს პროკურატურა სწავლობს ყველა ცალკეულ შემთხვევას და შემდგომ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” უწყებაში.

სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს, რომ

  • დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე;
  • დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო.

 

პოლიციამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რის ამოწურვის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი