Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა

„პოლიციამ თბილისში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ…“, – წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch. ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებულ ნორმებზე.

„როცა ჩიხია, ხელისუფლება ვალდებულია პოლიციას ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი და დააქვემდებაროს გაეროს საერთაშორისო პრინციპირებით აღიარებულს სტანდარტებს, ნორმებს და კანონმდებლობას ძალის გამოყენების თაობაზე… პოლიციამ მხოლოდ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს. ისეთი საშუალება, როგორიც რეზინის ტყვიებია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. სამართალდამცველები ვალდებული არიან პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც სანქცირებული, ისე არასანქცირებული აქციის დროს… ძალის გამოყენების შესახებ გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტი სამართალმდაცველებისგან მოითხოვს, არ მიმართონ ძალადობრივ საშუალებებს,“ – აღნიშნულია Human Rights Watch-ის მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

– – – – –

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამ თემაზე:

აქციიდან კლინიკებში 240 ადამიანი გადაიყვანეს – ჯანდაცვის სამინისტრო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი