ახალი ამბები

აქციიდან კლინიკებში 240 ადამიანი გადაიყვანეს – ჯანდაცვის სამინისტრო

21 ივნისი, 2019 • 1509
აქციიდან კლინიკებში 240 ადამიანი გადაიყვანეს – ჯანდაცვის სამინისტრო

რუსთაველის გამზირზე აქციის ძალისმიერი დაშლის შემდეგ, კლინიკებში, ჯამში, 240 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, კლინიკებში, ამჟამად, 102 პაციენტი რჩება. მისივე თქმით, ჰოსპიტალიზებულთა შორის 80 პოლიციელია.

რაც შეეხება უშუალოდ ორთაჭალაში მდებარე “ნიუ ჰოსპიტალს”, რომელმაც აქციაზე დაშავებული 24 მოქალაქე მიიღო: ამჯერად, აქ 18 პაციენტი რჩება, 6 კი უკვე გაწერილია. კლინიკაში დარჩენილთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეან ორს კი, რომელთაც თვალი სერიოზულად ჰქონდათ დაზიანებული, ენუკლიაცია [თვალის ამოღება] დასჭირდათ.

“ამჟამად, კეთდება მეცხრე ოპერაცია. ძირითადად, არის ყბა-სახის დაზიანება. კეთდება თვალის ოპერაციები, არის რბილი ქსოვილების ჭრილობებიც. ოპერაციების მოცულობა, შესაძლოა გაიზარდოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, კლინიკიდან დღესვე გაწერონ კიდევ 4 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა უკვე გაუმჯობესდა.

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი