ნეტგაზეთი | უზრუნველვყოფთ, სამართლებრივი შეფასება მიეცეთ ოპოზიციის ლიდერებს – ბახტაძე დარბევაზე უზრუნველვყოფთ, სამართლებრივი შეფასება მიეცეთ ოპოზიციის ლიდერებს – ბახტაძე დარბევაზე – Netgazeti
RU | GE  

უზრუნველვყოფთ, სამართლებრივი შეფასება მიეცეთ ოპოზიციის ლიდერებს – ბახტაძე დარბევაზე

“სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადება “ქართული ოცნების” ოფისში, მმართველი გუნდის თანხლებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჟურნალისტების კითხვებისთვის მამუკა ბახტაძეს არ უპასუხია.

“ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად და რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში სრულად აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა შესაბამისი უმკაცრესი განცხადებები გააკეთეს და მოსახლეობას აღუთქვეს, რომ სათანადო პასუხის მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს”, – განაცხადა ბახტაძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ფორუმის ირგვლივ გამართული მოვლენების კომენტირებისას.

პრემიერის თქმით, 19:00 საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი “დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა” გამოიყენეს და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

“მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციელებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთელ ისარგებლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო და აღკვეთა დანაშაული”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა, ხვალ კი პროცესები გაგრძელდება.

“ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმა შექმნეს ეს კრიზისული ვითარება. იმავდროულად უზრუნველვყოფთ, სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩემი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. გპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზაბულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციაზე. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს”, – დასძინა ბახტაძემ.


საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია. უცნობია დაკავებულთა რაოდენობაც. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება (04:25 საათისთვის).

ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ თვალის დაზიანებებია აღბეჭდილი – მძიმე კადრები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.