ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილი უნდა ჩამოვიშოროთ, ეს არის ახლა მთავარი ამოცანა

20 ივნისი, 2019 •
სააკაშვილი: ივანიშვილი უნდა ჩამოვიშოროთ, ეს არის ახლა მთავარი ამოცანა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გარშემო საქართველოში შექმნილი ვითარება ოპოზიციამ გაერთიანებისთვის უნდა გამოიყენოს.

“დღეს რაც მოხდა საქართველოში, ეს იყო საქართველოს დამცირების ბოლო წერტილი, დამცირების, შეფურთხების მის სიმბოლიკაზე, მის ღირსებაზე. ეს იყო იმ პოლიტიკის დაგვირგვინება, რასაც ბოლო წლებში აკეთებს ივანიშვილი. ეს არის დამფრთხალი ადამიანი, რომელმაც ნახა მისი მოლდოველი კოლეგა პლახატნიუკი გაიქცა, მანამდე პოროშენკო დამარცხდა და მასაც წყალი აქვს შეყენებული და ახლა არის ყველაფერი საზიზღრობის ჩამდენი”, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 20 ივნისს, თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

საქართველოს ოფილი პრეზიდენტი ყველას მოუწოდებს გაერთიანებისკენ და ხელისუფლებიდან ივანიშვილის გუნდის ჩამოშორებისკენ.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მას აქედან თავის დახსნის საშუალება, არ უნდა მივცეთ მანევრის საშუალება. ახლა ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს. ის ახლა შეეცდება ყველას ცალ-ცალკე ელაპარაკოს და თვალი ჩაუკრას, ის შეეცდება როგორც შარშან, პირველი ტურის შემდეგ, ალეწილი სახით გამოსვლას, ლუღლუღს და თავის მართლებას. ეს ყველაფერი არის ტყუილი.

თქვენ ხომ იცით, რომ ყველა ბოროტების სათავე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. ოლიგარქი ივანიშვილის მოშორების გარეშე საქართველოდან არაფერი არ იქნება. ამიტომ, მე ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვათ მათ, მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ, ყველა მხრიდან ხალხი გაერთიანდეს, ყველა მხრიდან ერთ უშტად შევიკრათ და მშვიდობიანად მივაღწიოთ მის ჩამოშორებას და შემდეგთ მთლიანად ხელისუფლების შეცვლას აჩევნების გზით. ეს არის ახლა მთავარი ამოცანა”, – ამბობს სააკაშვილი. ის გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს პროცესებში და დადგეს იქ,
“სადაც ქართველი ხალხი და პოლიტიკური სპექტრი ჩათვლის საჭიროდ”.


თბილისში 19 ივნისს გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ღონისძიების მეორე  დღე გახსნა ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი