ახალი ამბები

ინიციატივა ქალთა კვოტირების შესახებ: ხელოვნური პროცესი თუ აუცილებლობა?

9 დეკემბერი, 2014 • 1858
ინიციატივა ქალთა კვოტირების შესახებ: ხელოვნური პროცესი თუ აუცილებლობა?

გენდერული კვოტის შემოღება აუცილებლად მიაჩნია პარლამენტის დეპუტატ თამარ კორძაიას. დეპუტატი ამბობს, რომ ეს აუცილებელია, რათა ქვეყანაში ცხოვრების დონე შეიცვალოს.

 

NDI-ს მიერ ორგანიზებული კონფერენცია
NDI-ს მიერ ორგანიზებული კონფერენცია ‘ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში’ 09.12.2014

“ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქალთა კვოტირება არის კანონით განსაზღვრული, სოციალური და ეკონომიკური დონე არის გაცილებით მაღალი, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ამ საკითხებს არ ანიჭებენ ყურადღებას,”– განაცხადა კორძაიამ NDI-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პოლიტიკაში ქალთა ჩართულობაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდნენ.

 

დეპუტატი მარიამ საჯაიაც მიიჩნევს, რომ ქალები პოლიტიკაში მხოლოდ ფორმალურად არ უნდა იყვნენ ჩართული და რეალური გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეძლონ. საჯაიას თქმით, პოლიტიკაში ქალების ჩართვის დამაბრკოლებელი შესაძლოა ისიც გახდეს, რომ მათ უფრო მკაცრი კრიტეტიუმებით აფასებს საზოგადოება, ვიდრე მამაკაც პოლიტიკოსებს.

 

“აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკაში მოსვლის პრობლემა, აქ არის უშუალოდ პოლიტიკაში მოსულ ქალთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემა, მათ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხვდებათ. თუ მათ იციან, რომ მათ მიმართ იქნება ძალიან მკაცრი კრიტერიუმი, ძალიან მაღალი მოთხოვნები, რაც შესაძლოა კაცის მიმართ არ იყოს, ეს შესაძლოა მათთვის გარკვეული ხელის შემშლელი ფაქტორიც არის,”– განაცხადა მან.

 

NDI-ს კვლევა
NDI-ს კვლევა

ქალთა კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი დეპუტატი გიგლა აგულაშვილი. ის ამბობს, რომ მხოლოდ ეს ინიციატივა არ იქნება საკმარისი ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად.

 

“ნეტგაზეთთან” საუბრისას აგულაშვილმა აღნიშნა, რომ არ არის პროცესების რევოლუციური განვითარების მომხრე და ევოლუციური მიდგომა ურჩევნია.

 

“მხოლოდ ის, რომ კვოტა მივცეთ ქალებს და ამით შევიყვანოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში ან პარლამენტში, მე ვფიქრობ, რომ ესეც გამოვა პოლიტიკური კეკლუცობა, ქულებს დავიწერთ, უცხოელებს ვეტყვით, რომ, აი, ჩვენ პარლამენტში 11–12% კი არა, გვყავს 30% ქალი,“– განაცხადა მან.

 

აგულაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების მიუხედავად, საზოგადოება მაინც არ არის მგრძნობიარე ქალების პრობლემების მიმართ.

 

“ჯერაც კი, მიუხედავად ამ ძალადობისა, რაც ხშირად ჩანს ხოლმე და ფაქტები, რომელთა შესახებაც ჩვენ მედიის საშუალებით ინფრომაციას ვიღებთ, არ იწვევს წუხილს და შეშფოთებას საზოგადოების დიდ ნაწილში. ერთი ჯგუფი ლაპარაკობს შეშფოთებით, გამოდის, აპროტესტებს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არანაირ გავლენას არ ახდენს. უნდა მივიდეთ აქამდე,”– განაცხადა მან.

 

აგულაშვილის თქმით, თუ პარლამენტში კანონპროექტი “განყენებულად” იქნება შემოთავაზებული, მხოლოდ კვოტირებაზე იქნება პედალირება და სხვა სოციალური და ეკონომიკური საკითხები ისე დარჩება, როგორც არის, ის პროექტს მხარს არ დაუჭერს. განსაკუთრებული ყურადღება აგულაშვილმა ქალების ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერებაზე გაამახვილა.

“ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე მე ვერ ვხედავ ქალის პოლიტიკურ სიძლიერეს. ღარიბი ქალი ვერ იქნება თანაბარი მონაწილე იმ პროცესებისა, რაც სადღაც მიმდინარეობს. ამიტომ ეკონომიკური გაძლიერება, ამ თვალსაზრისით მათთვის სწავლება, წვრთნა, ტრენინგი, იმ რეალობაზე მორგებული, რა რეალობაშიც ისინი ცხოვრობენ, მნიშვნელოვანია,“– ამბობს ის.

NDI-ს კვლევა
NDI-ს კვლევა

კავშირი “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ “ბუნებრივად” ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას დიდი დრო დაჭირდება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კვოტირების სისტემის შემოღება.

 

“მიმაჩნია, რომ მსგავსი სიტუაცია თავისით არ გამოსწორდება, ან მოუნდება ძალიან დიდი დრო, ასე 50 წელი. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობა გაიზარდოს, აუცილებელია დამატებითი სისტემის შემოღება. მიმაჩნია, რომ პარტიებისთვის საარჩევნო სიების შედგენის დროს არსებული კვოტირება იქნება ყველაზე ადეკვატური და ეს არის სწორედ ევროპაში აპრობირებული კვოტირების სისტემაც,“– თქვა ბაია პატარაიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ ქალი პოლიტიკოსების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოლოდინი არსებობს.

 

“თვითონ ქალები გააქტიურდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ჩამოყალიბდა ქალთა მოძრაობა, რომელიც ძალიან ბევრ ქალს ერთაინებს ქალთა საკითხების შესახებ და ეს მოთხოვნა, რომელიც მოდის ქვემოდან, უკვე გასათვალისწინებელი არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ჩვენ აშკარად ვხედავთ მათ ცვლილებას პოზიტიურობისაკენ და მიგვაჩნია, რომ თუ ასე გავაგრძელებთ მუშაობას, ბევრ თანამოაზრეს ვნახავთ როგორც პარლამენტში, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში,“– თქვა კავშირი “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

პატარაია ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კვოტებს შეეხება, პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, ჯერ არ არის ცნობილი, თუ ქალების რა რაოდენობით კვოტირებაზე არის საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი