ახალი ამბები

უსუფაშვილი საგანგებო სხდომაზე: ოპოზიციას ნუ გაუკვირდება, რომ არ ჩავებმებით უსაგნო ხმაურში

11 მარტი, 2015 • • 1270
უსუფაშვილი საგანგებო სხდომაზე: ოპოზიციას ნუ გაუკვირდება, რომ არ ჩავებმებით უსაგნო ხმაურში

“საპარლამენტო უმცირესობის ქმედებებიდან აშკარად ჩანს, რომ მათი მთავარი ამოცანაა არა შემოთავაზებული საკითხის განხილვა და ლარის კურსის გამყარებაზე ზრუნვა, არამედ საკითხის განხილვა რიგგარეშე, საგანგებო განგაშის რეჟიმში. მეორე, საკითხის განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობა, მესამე, ამ საკითხზე დებატებით რაც შეიძლება დიდი ხნით მედიასივრცის გაჯერება. ეს სამი დასკვნა, რაც მე გამოვიტანე, ემყარება ფაქტებს და ეს ფაქტები ვერაფრით აიხსნება, გარდა უმცირესობის აღნიშნული სურვილის, იყოს საგანგაშო მდომარეობა, პრეზიდენტიც ჩაერთოს ამ საგანგო ამბებში, რაც შეიძლება დიდხანს ვილაპარაკოთ განგაშსა და უბედურებაზე”. – განაცხადა უსუფაშილმა. 

 

სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ პუნქტობრივად ჩამოაყალიბა, თუ რატომ ფიქრობს, რომ საგანგებო სხდომის მოწვევა “ნაციონალურ მოძრაობას” განგაშისთვის სჭირდება. მან ბრიფინგზე გაიხსენა პლენარული სხდომები, როლებზეც, მისი თქმით, ლარის კურსის საკითხი დღის წესრიგში შესატანად  პარლამენტში არავის არ წამოუყენებია. 

 

“დასრულდა თუ არ პლენარული სხდომების კვირა, უმცირესობამ მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით”,– ამბობს უსუფაშვილი. 

 

უსუფაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა 28 თებერვალს მოწვეულ რიგგარეშე სხდომას, რომელიც ვერ შედგა. მისი თქმით, ვერშემდგარი სხდომის შემდეგ პლენარული სხდომები გაგრძელდა, მაგრამ ლარის კურსის თემა კვლავ არ წამოუყენებია არავის. მესამე საკითხი, რომელსაც უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, უკავშირდება რეგლამენტს. მისი თქმით, საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზი და განსახილველი საკითხი არასწორად იყო წარდგენილი და დაკონკრეტებული არ იყო, რაზე უნდა ემსჯელათ პარლამენტარებს. 

 

“პარლამენტი უფლებამოსილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხის საჭიროებას და საგანგებოობას და დროულობას მიესალმება პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში დღის წესრიგი არის ფიქსირებული, მას კენჭი არ ეყრება. სხდომაზე რეგისტრაცია, ანუ დასწრება, ნიშნავს იმას, რომ სხდომა დაიწყო მოწვეული დღის წესრიგით. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც თვლის, რომ ეს არის ხმაური ხმაურისთვის და ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, მისი სხდომაზე მისვლა ნიშნავს, რომ იგი ჩართულია ამ პროცესში. რიგგარეშე სხდომა, ეს არის სამართლებრივ- პოლიტიკური ინსტიტუტი, პარლამენტის წევრები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს.[…] საბოლოოდ მინდა მოგახსენოთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებისადმი, რასაც ოპოზიცია იჩენს, ეს არის ოპოზიციის უფლება. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში დესტრუქციული ქმედებებიც, ეს არის მათი უფლება და მე ეს არ მიკვირს, მაგრამ მივმართავ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ნურც მათ გაუკვირდებათ, რომ უმრავლესობა ამგვარ საკითხებში მიიღებს სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არ ჩაებმება ამ უსაგნო ხმაურში, რაც ყველაზე უფრო დამაზარალებელია ლარის კურსისთვის და ეკონომიკისთვის”,-განაცხადა უსუფაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი