ახალი ამბები

თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი

20 ივნისი, 2019 • 1823
თუ გავრილოვი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა, კატასტროფაა მისი გამოსვლა – მარგველაშვილი

“თუ გავრილოვი მართლა იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ, მისი გამოსვლა პრეზიდენტის სასახლეში არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის მათთვის წინგადაგმული ნაბიჯი”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

საუბარია რუსეთის სახელწიფო დუმის დეპუტატ  სერგეი გავრილოვზე, რომელიც 19 ივნისს, თბილისში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მანამდე “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, რომ იგი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში, რადგან სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, იმყოფებოდა სხვა ცხელ წერტილებში – დნესტრისპირეთსა და კოსოვოში და აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საწინააღმდეგო კამპანიის მედროშედ.

“ოკუპაციის კანონი არსებობს, ოთხზორია ტატუნაშვილის სია არსებობს და ამის კანონში მოქცევა [შეიძლებოდა], რომ ის ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში ქართველებს კლავდნენ, სიტყვით არ გამოდიოდნენ. ან, უფრო მარტივია, ვიზა შეგიძლია არ მისცე, მაგრამ ამოსავალი არის გავრილოვი ვინ იყო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო კრეატიული ხდება რბილი ძალის გამოყენებაში.

“აქამდე ბევრად უნიჭოდ აკეთებდა საქართველოსთან მიმართებაში –  იგებდა იმით, რომ ოკუპაციას ახორციელებდა, მაგრამ ჩვენს გულებს ვერ იგებდა. ახლა ტაქტიკა შეცვლილია,  უფრო დახვეწილია – გაყავი და იბატონე, რაც ახლა გვაქვს, ეს ტაქტიკა, ანტიკური ტაქტიკაა. გაყავი და იბატონე, დააპირისპირე და ამ დაპირისპირებაში, შეასუსტე სახელმწიფო.  რუსული აგრესიის მიუღებლობა უნდა იყოს მთავარი ფუნდამენტი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

მარგველაშვილი: ლევან ვასაძის დემონიზაცია მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი