ახალი ამბები

გავრილოვის გამოსვლისას უკრაინის ელჩმა ღონისძიება თბილისში პროტესტის ნიშნად დროებით დატოვა

19 ივნისი, 2019 • 2047
გავრილოვის გამოსვლისას უკრაინის ელჩმა ღონისძიება თბილისში პროტესტის ნიშნად დროებით დატოვა

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას დროებით პროტესტის ნიშნად დატოვა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, რატომ დატოვა ცერემონია გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, უკრაინის ელჩი ამბობს:

“იმიტომ, რომ არ მინდა მოვუსმინო რუსეთის ფედერაციას”.

უკრაინის ელჩის თქმით, პარლამენტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს დემოკრატიულ ქვეყნებში.

“დღეს აქ წარმოდგენილი არიან პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭრენ მართლმადიდებლურ პრინციპებს. მათ ეს ფორუმი აერთიანებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ქართველებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის. ეს არის ფუნდამენტური ელემენტი ეროვნულობის. ეს აღნიშნავს უკრაინის ავტონომიური ეკლესიის განვითარებას. ჩვენ გვინდა ყველა მეზობელი, ყველა ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი. უნდა მივყვეთ ამ წესებს, მშვიდობას დათავისუფლებას,” – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) იმართება.

“ევროპული საქართველო”, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ბოიკოტს უცხადებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იმართება.

რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ მოქალაქეები.

რუსეთის დელეგაციას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ [ფოტო/ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი