ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელ აქტივისტს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რასაც ვერ იხდის — ადვოკატი

19 ივნისი, 2019 • 1568
აზერბაიჯანელ აქტივისტს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რასაც ვერ იხდის — ადვოკატი

19 ივნისს მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ აზერბაიჯანელ აქტივისტ ავთანდილ მამედოვს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ადგილობრივი სათემო რადიო „მარნეულის“ თანახმად, ავთანდილ მამედოვის პირველი სიტყვები სასამართლოზე შესვლის დროს იყო „ალიევი დიქტატორია“.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ისინი დადებითად აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ პატიმრობა არ გამოეყენებინა, თუმცა მაინც ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რადგან მამედოვი ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

„ვაფასებთ გადაწვყეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ პატიმრობის გამოყენება არაა აუცილებელი, თუმცა ფინანსური შესაძლებელობებიდან გამომდინარე, ოჯახი ვერ შეძლებს გირაოს თანხის გადახდას, რაც ნიშნავს, რომ იგი ფაქტობრივად პატიმრობაში დარჩება. ეს კი ეწინააღდმეგება კანონის მიზნებს და ადამიანის უფლებას არღვევს, რადგან არაა აუცილებელი“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ არჩილ ჩოფიკაშვილმა.

იურისტის თანახმადვე, მამედოვის საექსტრადაციო საქმის განხილვა უნდა შეჩერდეს, ხოლო მამედოვს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელზეც განიხილება თავად მამედოვის სარჩელი მისთვის საქართველოში თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

ავთანდილ მამედოვი 17 ივნისს დააკავეს. იგი ბოლო რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა.

მამედოვი, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, აზერბაიჯანში ხელისუფლების მიმართ კრიტიკისა და აქტივიზმის გამო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და საქმიანობას საქართველოდან აგრძელებდა.

წაიკითხეთ ასევე:

საქართველოდან ციხეში — აზერბაიჯანელი აქტივისტების ისტორიები

მასალების გადაბეჭდვის წესი